თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ხუთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესორი გაათავისუფლეს. 15 ივლისით დათარიღებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა აწერს, შრომითი ხელშეკრულებების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად „რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებაა“ მითითებული. პროფესორები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური რეპრესიების გამოვლინებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულები არიან:
- გიორგი გოცირიძე - პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორიის დეპარტამენტი;
- ქეთევან გიგაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი;
- მზია გიგაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი;
- ნინო გოგიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ქართული ლიტერატურის მიმართულებით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- ნინო ძამუკაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ენის მასწავლებელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
„რეორგანიზაციის მიზანი ნათელია - უნივერსიტეტი დაატოვებინონ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში ჩაბმულ პროფესურას“, - დაწერა 2 ივლისს, სოციალურ ქსელ Facebook-ში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, გიორგი გოცირიძემ. ის, მისი მეუღლე ქეთევან გიგაშვილი და შვილები ღიად აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას და 231 დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ. თუმცა, როგორც გიორგი გოცირიძე ამბობს, ბრძოლა 231 დღის წინ არ დაუწყიათ.
„2023 წლის მარტში, როდესაც პირველად შემოიტანეს რუსული კანონი, ეს იმდენად შემზარავი იყო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე წუთში მოვახერხეთ თელავში პირველი აქციის მოწყობა პროევროპული საქართველოს ინტერესების დასაცავად“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ გიორგი გოცირიძემ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია. როგორც გიორგი გოცირიძე ამბობს, ადმინისტრაციის წარმომადგენლები პირად საუბრებში მიზეზად უნივერსიტეტის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებენ და რეორგანიზაციის პოლიტიკურ სარჩულს უარყოფენ.
„მაგრამ ეს რომ პოლიტიკასთან არის კავშირში, ამაზე მეტყველებს უნივერსიტეტის ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მთლიანად აბათილებს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების, კვალიფიცური აკადემიური კადრის გაშვების მთელ ამ პოლიტიკას. უნივერსიტეტის დებულების მიხედვით, საათებით პირველ რიგში სწორედ აფილირებული აკადემიური პერსონალი უნდა დაკმაყოფილდეს, რომელიც 2026 წლის 9 სექტემბრამდე არის ხელშეკრულებით დასაქმებული.
მიზეზად ასახელებენ ფინანსებს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, მაშინ, როდესაც მათი არასწორი საუნივერსიტეტო პოლიტიკის შედეგია ფინანსების სიმცირე. ჩვენი შეთავაზებები, რომლებიც მიზნად ისახავდა სწორედ ფინანსური რესურსის და სტუდენტთა რაოდენობის ზრდას, წლების განმავლობაში უგულებელყოფილი იყო. მე და ჩემი მეუღლე, ქეთევან გიგაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის ერთადერთი ადამიანები ვიყავით, ვინც გასულ წლებში მილიონ ლარზე მეტი შევიტანეთ უნივერსიტეტის ბიუჯეტში სამეცნიერო გრანტებით.
ახლა, როდესაც ასეთი რთული ვითარება შეიქმნა და წარმომადგენლობით საბჭოზე განაცხადეს, რომ უნდა მომხდარიყო რეორგანიზაცია, შტატების შემცირება, ფაკულტეტების გაერთიანება და ა.შ., მე პირადად მივმართე რექტორს (რომელიც, სხვათა შორის, ჩემი დოქტორანტი იყო, ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაიცვა აკადემიური ხარისხი, ჩემი ბაკალავრი იყო, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელიც მე ვიყავი) დასაბუთებული წინადადებით, როგორ შეეძლო უნივერსიტეტს 260 000 ლარის ეკონომია გაეკეთებინა ერთი წლის განმავლობაში, 2026 წლის სექტემბრამდე, როდესაც ძირითად აკადემიურ თანამდებობებზე ხელახლა უნდა გამოცხადდეს კონკურსი. ეს მაშინ, როდესაც პროფესორების გათავისუფლებით 61 000 ლარის ეკონომია გაკეთდებოდა, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ადგილებზე ლექციები წასაკითხია და ან სხვა პროფესორები უნდა მოიწვიონ, ან შიდა აკადემიურ პერსონალზე უნდა გადაანაწილონ, ეს ეკონომია განახევრდებოდა. ეს ყველაფერი ნათელს ხდის ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულს. ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ნიმუში“, - ამბობს გიორგი გოცირიძე, რომელიც თელავის უნივერსიტეტში 1991 წლიდან მუშაობდა, 2004-2010 წლებში კი რექტორის თანამდებობაც ეკავა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ თავდაპირველად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთხი აკადემიური თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ გუშინ, 15 ივლისს გახდა ცნობილი, რომ უნივერსიტეტის დატოვება მოუწევს ფაკულტეტის კიდევ ერთ ასოცირებულ პროფესორს, ნინო ძამუკაშვილს.
„დღეს შევიტყვე, რომ მეც მათავისუფლებენ უნივერსიტეტიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედე და საკუთარი აზრი საჯაროდ გამოვხატე. თვე ან თვეზე მეტია, ჩემს კოლეგებს და მეგობრებს, ვინც უფრო ადრე შეტყვეს თავიანთი გათავისუფლების შესახებ, საუკეთესო პროფესიონალებს და პატრიოტებს, ვამხნევებ და დღეს ჩემთვისაც გამოიხურა უნივერსიტეტის კარი, სადაც 13 წელი ვიმუშავე [...] მომაშორეს საქმეს, რომელიც ვიცი და მიყვარს და იმ ასაკში, როცა ბევრის გაკეთება შემიძლია კიდევ. ალბათ, ბევრი ეგულებათ, ვინც დასავლური ევროპის ან ბრიტანული ან ამერიკული ლიტერატურის ნებისმიერ პერიოდზე წაიკითხავს ლიტერატურის კურსს ინგლისურ ენაზეც. თუ ასეა, გამიხარდება ძველი ათენელი თემისტოკლესავით“, - დაწერა ნინო ძამუკაშვილმა Facebook-ზე.
„გამოგიტყდებით, და, ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ამას გაბედავდნენ - დიახ, გაბედავდნენ! ალბათ, იფიქრებთ, ამ დაქცეულ ქვეყანაში ვინმეს რამის შეეშინდებოდა, თუ რატომ ვერ გაბედავდნენო? მე სინდისზე გესაუბრებით - ბოლო წუთებამდე მეგონა, რომ თავისი სინდისის წინაშე ვერ გაბედავდნენ, ღამე არ დაეძინებოდათ და ა.შ. თუმცა, როგორც კლასიკოსები ამბობენ, სინდისიც მათ ქენჯნით, ვისაც აქვთ“, - ეს ამონარიდია უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი ასოცირებული პროფესორის, პოეტ ნინო გოგიაშვილის (ლიტერატურული ფსევდონი - ნუციკო დეკანოზიშვილი) მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტიდან.
ნინო გოგიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლებით პოლიტიკური დაკვეთა შესრულდა.
„თუმცა, ამ ფაქტს ჩემ მიერ სააპელაციო კომისიაზე სტუდენტის დაცვაც დაემატა - როდესაც მე გავბედე და სხვაგვარად შევაფასე სტუდენტი, გავბედე და არ დავეთანხმე კოლეგებს. მოგვიანებით, მოწვეულმა საბჭომ ზუსტად იგივე შეფასება მისცა ამ სტუდენტს, რაც მე.
რაც ჩემი ევრო-ატლანტიკური პოზიცია დავაფიქსირე და აქტიურად ჩავერთე საპროტესტო აქციებში, რექტორმა სოც.ქსელში ჯერ მეგობრობა გამიუქმა, ბოლოს კი - დერეფანშიც აღარ მომესალმა.
ფაქტობრივად, მთელი წელი სირცხვილის კორიდორში დავდიოდი - კოლეგები არ მესალმებოდნენ, თავს მარიდებდნენ (გამონაკლისების გარდა), აბსოლუტურ მარგინალად მაგრძნობინებდნენ თავს. სხვადასხვა მიზეზის გამო, ამომიღეს სარედაქციო კოლეგიებიდან, არ მომცეს კონფერენციის ჩატარების საშუალება, მიშლიდნენ ღია ლექციებს. გაცვლითი და საერთაშორისო პროექტები სამუდამოდ დაიხურა ჩემთვის. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, დანარჩენს სამართლებრივ ჩარჩოში გავაჟღერებ.
რექტორმა გაფრთხილება გამომიცხადა მოტყუებით დაწერილ ჩემივე განცხადების საფუძველზე, როდესაც შუალედური წერების დროს (რომელსაც საგამოცდო ცენტრი ატარებს) ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ.
ბოლოს, რეორგანიზაციის სახელით შეფუთულ პოლიტიკურ რეპრესიებს სრულიად მარაზმატიკული საკონკურსო კრიტერიუმები დაუდეს საფუძვლად - ამაზე ბევრი იფიქრეს და იწვალეს, რადგან, ადეკვატური სამეცნიერო დამსახურებების გამო ვერ მოახერხებდნენ ჩვენ გაშვებას“, - წერს ნინო გოგიაშვილი. ის უნივერსიტეტში ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციებს 19 წელია კითხულობს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეორგანიზაციის პროცესი რექტორ შალვა ჭკადუას მიერ 2 ივნისს გამოცემული ბრძანების საფუძველზე დაიწყო.

13 ივნისს, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ გამოსცა N10 ოქმი, რომლითაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე ახალი, გაერთიანებული ფაკულტეტის შექმნა დაამტკიცა. ოქმით განისაზღვრა ახალი ფაკულტეტის საშტატო ნუსხაც - შემცირდა აკადემიური პერსონალის (პროფესორების, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის) საშტატო ერთეულები.
იმავე დღეს, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოსცა N12 ოქმი, რომლითაც დაამტკიცა ახალი ფაკულტეტის შემცირებული აკადემიური თანამდებობებისთვის შესაბამისი კანდიდატების შესაფასებლად/გამოსავლენად განსაზღვრული კრიტერიუმები.
გათავისუფლებულმა პროფესორებმა ორივე ოქმი თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს და მათი ბათილად ცნობა მოითხოვეს.
გიორგი გოცირიძის თქმით, აშკარაა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიზანი კონკურსიდან კონკრეტული პროფესორების გამორიცხვა იყო, რადგან 9 საკონკურსო კრიტერიუმიდან მხოლოდ 2 ეხება სამეცნიერო საქმიანობას.
„ეს არ არის კვალიფიკაციის დამდგენი კრიტერიუმები. პროფესორების მეცნიერული პროდუქტიულობის განსაზღვრა არ ემყარება სწორად შერჩეულ კრიტერიუმებს და შეიცავს შრომითი დისკრიმინაციის აშკარა ნიშნებს. მაგალითად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამეცნიერო პროდუქტიულობაში უნივერსიტეტთან აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ უთვლის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობას იმ მიზეზით, რომ პროექტები არ არის შეტანილი უნივერსიტეტის სახელით, რაც ეწინააღმდეგება არა მარტო სამეცნიერო პროდუქტიულობის არსს, არამედ თვითონ უნივერსიტეტის დებულებას აფილირებული აკადემიური პერსონალის შესახებ, სადაც წერია, რომ უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალის ყველა სამეცნიერო პროდუქცია სტატია, გრანტი და ა.შ. ეთვლება უნივერსიტეტს“, - ამბობს გიორგი გოცირიძე.
თელავის უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ რეორგანიზაციის პოლიტიკური მოტივების შესახებ ბრალდებები უარყო და „საქართველოს ამბებთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს თქვა, რომ პროფესორების გათავისუფლება მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა. რექტორის თქმით, ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
[შალვა ჭკადუას კომენტარის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება]
