პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან მოქალაქეების ემიგრაციაში მასობრივ წასვლასთან დაკავშირებით წერს, რომ 2017 წლის მარტში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ არ ამოქმედებულიყო, 2018-2021 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
კობახიძის თქმით, როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, რომ ეს მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს.
„მაგალითისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3.4 მილიონიდან 2.8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2.3 მილიონიდან 1.9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.
ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა).
რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა“, - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო პოლიტიკაზეც წერს:
„აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71%, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37% დააკმაყოფილა.
რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის, ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.
ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“, - წერს კობახიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს ქვეყნიდან საქართველოს 2 422 849 მოქალაქე გავიდა და 2 378 263 შემოვიდა (სხვაობა 44 586).
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წლის პირველ 11 თვეში ევროკავშირის ქვეყნებმა თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე საქართველოს მოქალაქეების 26 177 განაცხადი მიიღეს. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის თხოვნით ყველაზე ხშირად საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და ირლანდიას მიმართავენ. მხოლოდ ნოემბერში თავშესაფარი საქართველოს 3030-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც, სააგენტოს თანახმად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვია. გასულ წელს, ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 92%-მა განაცხადი პირველად შეავსო.
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს.
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მგზავრობისათვის პირი უნდა ფლობდეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადა სულ მცირე 3 თვით მაინც აღემატება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების დატოვების თარიღს.