გასული წლის 11 თვეში ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 26 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

2022 წლის პირველ 11 თვეში ევროკავშირის ქვეყნებმა თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე საქართველოს მოქალაქეების 26 177 განაცხადი მიიღეს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში თავშესაფარი საქართველოს 3030-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვია. აქედან 2798-მა მოქალაქემ განაცხადი პირველად წარადგინა, 232-მა კი განმეორებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გასული წლის განმავლობაში საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა თითქმის ყოველთვიურად იზრდებოდა - იანვარში 1805 განაცხადი დარეგისტრირდა, თებერვალში - 1776, მარტში - 2196, აპრილში - 2075, მაისში - 2545, ივნისში - 2620, ივლისში - 2370, აგვისტოში - 2390, სექტემბერში - 2645, ოქტომბერში - 2725, ნოემბერში - 3030. დეკემბრის თვის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის თხოვნით ყველაზე ხშირად საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და ირლანდიას მიმართავენ.

2022 წელს, ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 92%-მა განაცხადი პირველად შეავსო. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინა საქართველოზე, რამაც შესაძლოა, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე აიძულა, დაცვა ევროპაში ეძია.

საქართველოს მოქალაქეების განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელმა გასული წლის ნოემბერში 4% შეადგინა - 1621 გადაწყვეტილებიდან 1560 უარყოფითი იყო. ლტოლვილის სტატუსი 44 ადამიანს მიენიჭა, 17-მა კი სუბსიდიარული დაცვა მიიღო.

ამის მიუხედავად, პირველ ინსტანციაში განსახილველი საქმეების რაოდენობა გაიზარდა და ნოემბრის ბოლოს 14 800-ს მიაღწია. ეს ყველაზე დიდი რიცხვია სულ მცირე 2014 წლის შემდეგ.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წლის ნოემბერში დაახლოებით 107 300 თავშესაფრის მოთხოვნა მიიღეს, რაც ახალი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ. ნოემბერში განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 39% იყო. თავშესაფარს ყველაზე ხშირად სირიის, უკრაინის, ბელარუსის, იემენის, მალის რესპუბლიკის და ერიტრეას მოქალაქეებს აძლევდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).