რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გამო, 20 ივლისიდან, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
„შესაბამისად, ჩაითვლება, რომ ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩართულნი არიან უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე საზღვაო ზონა დროებით საშიშად გამოცხადდა ნაოსნობისთვის.
„მარცვლეულის შეთანხმებას“ რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ხელი თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკვებზე ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია - რუსეთმა შავ ზღვაში უკრაინული პორტები დაბლოკა და გზა გადაუკეტა სხვადასხვა ქვეყნის გემებს, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული გაჰქონდათ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში ხორბლის მეხუთე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.
2023 წლის 17 ივლისს გარიგებას ვადა ამოეწურა და რუსეთმა განაცხადა, რომ მას ტოვებდა. როგორც კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, შეუსრულებელი დარჩა.
„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავი ზღვის დერეფნის საშუალებით, კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება გააგრძელოს. მისი თქმით, გემმფლობელმა კომპანიებმა უკრაინის ხელისუფლებას მიმართეს, რომ მზად არიან განაგრძონ მარცვლეულის მიწოდება, თუ უკრაინაც არის მზად, ტვირთი გაუშვას, ხოლო თურქეთი მას გაატარებს. რუსეთის ხელისუფლებამ ზელენსკის ამ განცხადების უპასუხა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელების შემთხვევაში, გარიგების მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ რისკები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.
BBC წერს, რომ გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. მაგალითად,ევროპის საფონდო ბირჟაზე თხშაბათს, 19 ივლისს, ხორბლის ფასი წინა დღესთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა და ტონაზე 253.75 ევრო შეადგინა.