ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ რუსეთში მოქმედი „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას. გადაწყვეტილება საქმეზე „ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც რამდენიმე ათეული ადამიანისა და ორგანიზაციის საჩივრებს აერთიანებდა, სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
რუსეთის ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის მატერიალური და არამატერიალური ზიანის, ასევე სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ ყველაზე დიდი თანხა - 955 440 ევრო „რადიო თავისუფლების“ რუსულ სამსახურს და მის დირექტორს, ანდრეი შარის განუსაზღვრა. მედიაორგანიზაცია გაკოტრებულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 2021-2022 წლებში, სასამართლოებმა ის 1 მილიარდ რუბლზე მეტით დააჯარიმეს „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო.
მათ შორის, ვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპენსაცია ეკუთვნის, არიან: ბლოგერი იური დუდი; პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი; პოლიტიკოსი ლიუბოვ სობოლი; პროექტ „მნიშვნელოვანი ისტორიების“ და „მედიაზონის“ თანამშრომლები; ტელეარხი „დოჟდი“, გამოცემები Bellingcat და The Insider-ი; ევგენია ალბატსი და მისი გამოცემა The New Times; „საერთაშორისო მემორიალი“ და მისი გამგეობის თავმჯდომარე იან რაჩინსკი; ადამიანის უფლებათა ცენტრი „მემორიალი“ და მისი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ჩერკასოვი; ფონდი „საჯარო განაჩენი“; კონსულტაციისა და ტრენინგის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი თემურ ქობალია და სხვები.
„განმცხადებელი ორგანიზაციების „უცხოელ აგენტებად“ მონიშვნა არა მხოლოდ გაუმართლებელი და საზიანო იყო მათი საქმიანობისთვის, არამედ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტიგმატიზებელი ეფექტიც ჰქონოდა. ეს იარლიყი მიუთითებდა, რომ ისინი იმყოფებოდნენ უცხოური კონტროლის ქვეშ, უგულებელყოფდა იმ ფაქტს, რომ ეს ორგანიზაციები თავს ხედავდნენ ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მზად იყვნენ ხელი შეეწყოთ ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის განვითარებისთვის რუსული საზოგადოებისა და მისი დემოკრატიული სისტემის სასარგებლოდ“, - მიიჩნია სასამართლომ.
გადაწყვეტილების მიხედვით, Ecodefence-ის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ ტერმინი „უცხოური აგენტი“ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ასახავს ცნების უკიდურესად ფართო და უპრეცედენტო ინტერპრეტაციას. „ამ ინტერპრეტაციამ დაამყარა სამართლებრივი ვარაუდი, რომ უცხოური დაფინანსების ნებისმიერი მიღება უცხოურ კონტროლს უტოლდება“, - ამბობს სასამართლო.
გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოფიციალური ტერმინი „უცხოელი აგენტის ფუნქციების შესრულება“ უბრალოდ „უცხოელ აგენტად“ შეიცვალა, რითაც გაძლიერდა მისი უარყოფითი კონოტაციები.
ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელ აგენტებზე“ დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა, რამაც გამოწვია მათი გამორიცხვა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სამოქალაქო საქმიანობის სხვადასხვა ასპექტიდან - როგორიცაა საჯარო თანამდებობის დაკავება, საარჩევნო კომისიებში მონაწილეობა, პოლიტიკური კამპანიების მხარდაჭერა, არასრულწლოვანთა განათლება და ბავშვებისთვის კონტენტის წარმოება - გააძლიერა მოსაზრება, რომ „ უცხოელი აგენტის“ სტატუსის მქონე ორგანიზაციები და პირები საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას, მათ ეჭვის თვალით უნდა შეხედონ და მოაშორონ ისინი მგრძნობიარე სფეროებიდან.
ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებაა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებულთა საჩივრებზე. თუმცა, პირველი შემთხვეაა, როდესაც გამცხადებლები კერძო პირები იყვნენ. 2022 წლის ივნისში, საქმეზე „Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, სადაც მომჩივანი 73 რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს. მაშინ, რუსეთის ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 1.14 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
2022 წლის მარტში, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსეთი ევროსაბჭოდან გააძევეს. მას შემდეგ, ის უარს აცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.