„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
საიას შეფასებით, ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორის პასუხისმგებლობა
კანონის ძველ რედაქციაში „მარწმუნებელი“ მხოლოდ შეკრების ინიციატორია, ხოლო „რწმუნებული“ - ამ ინიციატორის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი. საკანონმდებლო ცვლილებით, ეს ტერმინები უქმდება და ნაცვლდება შემდეგით: „ორგანიზატორი“ და „პასუხისმგებელი პირი“.
შეკრების „ორგანიზატორად“ ცხადდება არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ნებისმიერი პირი, ვინც „ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს“ შეკრებას, ხოლო „პასუხისმგებელი პირი“ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პირი, ვინც შეკრების პროცესში რაიმე სახის ორგანიზატორულ საქმიანობას ეწევა.
საიას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ შეკრების ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს შეიძლება დააკისრონ პასუხისმგებლობა, თუნდაც ის ოფიციალურად ორგანიზატორი არ იყოს.
„ასეთმა ბუნდოვანმა და ფართოდ ინტერპრეტირებადმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე“, - აცხადებს საია.
ამასთანავე, ახალი რედაქცია „პასუხისმგებელ პირს“ აკისრებს ვალდებულებას აქციის ჩასატარებლად ხელმოწერილი გაფრთხილება შეიტანოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების შესახებ. ამასთანავე, გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი.
სპონტანური შეკრება/მანიფესტაცია
კანონმდებლობას ემატება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის შემთხვევაში გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება. სპონტანური აქციის შემთხვევაში განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ახალი ფორმულირება საშუალებას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენლებს თვითნებურად განსაზღვრონ გაფრთხილების ფორმა და წესი.
საია მიიჩნევს, რომ თუ შეტყობინების ფორმა არ იქნება მარტივი, ტექნიკური და ბიუროკრატიული ბარიერებისაგან დაცლილი მექანიზმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ, მაგალითად, სამართალდამრღვევად შეიძლება მიიჩნიონ დაანონსებული მარშების როგორც ორგანიზატორები, ისე მონაწილეები, იმ მარტივი მიზეზით, თუ წინასწარ არ იქნება შეტყობინება გაკეთებული.
„ამ შეტყობინების გაკეთების ვალდებულებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის შეცნობადი ხდება ვინ არის კონკრეტული მარშის ორგანიზატორი, რაც გაუადვილებს მათ შემდეგ მის მიმართ რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას. სხვა კუთხით, ასეთი მარშების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, მათ შორის, ადმინისტრაციული უწყებებისთვის“, - აცხადებს საია.
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში
ახალი რეგულაციით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში ან შენობაში იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე წინასწარ არ თანხმდება და ეს თანხმობა წერილობითი ფორმით უნდა გაიცეს.
„გარკვეულ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად შეიძლება ვერც მიიღონ მფლობელის წერილობითი თანხმობა, თუნდაც ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, წერილობითი დოკუმენტი შესაძლოა იყოს უძრავი ქონების მფლობელის აქციის ორგანიზატორად ცნობის მიზეზი და შემდგომ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
ეს არის რეაქციული პასუხი უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტებზე, რისი აღკვეთაც „ქართულ ოცნებას“ ამ აკრძალვით სურს. მისთვის წინასწარვე შეცნობადია, რომ საჯარო უნივერსიტეტების უმრავლესობა, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ხშირად ასეთი შეკრებების მთავარი კერაა, არ მისცემს შეკრების უფლებას სტუდენტებს. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზეც, რომელიც 2024 წელს რეგიონში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი კერა იყო“, - აღნიშნავს საია.
ობიექტების ბლოკირების აკრძალვა
აქამდე აკრძალული იყო მხოლოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება, თუმცა ახლა ამ სიას დაემატა ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირებაც, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.
საია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტით:
- საჯარო სივრცეში გამართული ნებისმიერი დემონსტრაცია შესაძლოა გარკვეულ დონეზე იწვევდეს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის რღვევას, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებას;
- გზის გადაკეტვა, ჩვეულებრივი ცხოვრების და მოძრაობის შეფერხება უნდა გაანალიზდეს არის თუ არა დემონსტრაციის თანმდევი ეფექტი;
- სამართალდამცავებმა უნდა გამოიჩინონ ტოლერანტობის გარკვეული დონე ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც აბსტრაქტულად განსაზღვრული არ შეიძლება იყოს და უნდა გაანალიზდეს საქმის კონკრეტული გარემოებები, განსაკუთრებით კი „ჩვეულებრივი ცხოვრების წესის დარღვევის“ მოცულობა (მაგ. ასევე, რამდენად ფერხდება საგზაო მოძრაობა, არსებობს თუ არა შემოვლითი გზა და ა.შ.)
საია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს მანიპულაციურად გამოიყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ იმ შემთხვევებშიც, როდესაც მას არ ექნება ადამიანის უფლებების სტანდარტების თანახმად აქციის დაშლის ან სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენის საფუძველი.
შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით
კანონის ძველ რედაქციაში შეზღუდვა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიას ეხებოდა, ხოლო ახალ ვერსიაში ის თავად შენობაზეც ვრცელდება. რჩება 20 მეტრის მანძილზე შეზღუდვა, თუმცა ახლა აღნიშნული რეგულაცია ეხება შენობასაც.
გადაადგილების დაბრკოლება
თუ ძველ რედაქციაში მხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილების ხელშეშლა იკრძალებოდა, ახალში ხალხის გადაადგილებაც დაემატა. საიას შეფასებით, ეს ცვლილება „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტ საშუალებას აძლევს, შეზღუდოს აქციები, რადგან „ხალხის გადაადგილების დაბრკოლება“ ბუნდოვანი ფორმულირებაა და შეიძლება ფართოდ ინტერპრეტირდეს.
დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვა
კანონს ემატება ახალი ამკრძალავი რეგულაცია დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესახებ. კერძოდ, აღნიშნული აკრძალულია თუ ქმნის საფრთხეს, აფერხებს პოლიციის მუშაობას, აზიანებს ორგანიზაციების ფუნქციონირებას ან არის აუცილებელი შეკრების ჩასატარებლად.
„ეს ცვლილება ბევრ სუბიექტურ კრიტერიუმს მოიცავს, რაც „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი მანევრის საშუალებას აძლევს აქციების კონტროლისა და შეზღუდვისთვის.
„შეკრების ჩატარებას არ უკავშირდება“ - ბუნდოვანი ფორმულირებაა და შესაძლოა ნებისმიერი დროებითი ინფრასტრუქტურის აკრძალვის საფუძვლად იქცეს. დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვების დადგმა, არის გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ფორმა.
პროტესტის დროს დროებითი ინფრასტრუქტურის გამოყენება შეიძლება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შევიდეს, თუ იგი მშვიდობიანი პროტესტის ნაწილად რჩება და საზოგადოებრივ წესრიგს არ უქმნის არაპროპორციულ საფრთხეს“, - აცხადებს საია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტილ პროტესტში
მონაწილეობის აკრძალვა
შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ იმ შეკრებებში მონაწილეობა, რომლებიც შეწყდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით. აღნიშნული კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებმა დაარღვიეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, როგორიცაა:
- ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება, ცივი იარაღი ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
- ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ისეთი საგანის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებების გაზრდა
საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებები. თუ ადრე აღნიშნული უფლებამოსილება ეკუთვნოდა ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებს, ახლა ეს ფუნქცია სრულად გადადის შსს-ზე.
მაგალითად, ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო:
- უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
- უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ;
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
