მინერალური წყლის კომპანია „საირმის“ 35 თანამშრომელი მე-12 დღეა გაფიცულია, 12 თებერვლიდან. კომპანიამ მათ იანვრის ხელფასიც არ ჩაურიცხა, გაფიცულებს კი მოლაპარაკებას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთავაზობს, თუ პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე არ მიიღებს მონაწილეობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საირმის“ თანამშრომლები, ხელფასის 30%-ით გაზრდას, ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნას და ქარხნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას ითხოვენ.
გაფიცულების ინფორმაციით, მათი ანაზღაურება, რვასაათიან სამუშაო დღეში 44 ლარია, რაც თვეში დაახლოებით 1000 ლარი გამოდის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქარხანა ჩერდება და მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. მათივე თქმით, ქარხანაში ანტისანიტარიაა, არ არის გათბობა და ცხელი წყალი.
გაფიცულები 26 თებერვალს, კვირას, 14:00 საათზე, ქარხნის შესასვლელთან ხალხმრავალი აქციის გამართვას გეგმავენ.
მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, „ლაბორის“ ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე გაფიცულების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან „საქართველოს ამბებს“ უთხრა, „საირმე მინერალ ვოთერსმა“ გაფიცულებს იანვრის ხელფასი არ ჩაურიცხა.
„მათი მიზანია დასაქმებულები მოატყუონ და მათზე ზემოქმედება მოახდინონ, რისი მცდელობა შარშან უკვე ჰქონდათ. ურეკავენ და სთხოვენ, რომ მოლაპარაკებებისთვის ოთხი ადამიანი ჩავიდეს თბილისში. გაფიცულები არ უშვებენ შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკებები ჩემს გარეშე გაგრძელდეს. პირველ რიგში, ისინი პროფკავშირების წევრები არიან. გაფიცვამდე მე დამიკავშირდნენ და ერთად გავიარეთ მედიაციის პროცესი. გავაგრძელებთ ბრძოლას და პროტესტს, ვიდრე ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - ამბობს დიასამიძე.
გაფიცვა 24 საათის განმავლობაში, თოვლსა და ყინვაში მიმდინარეობს. ქარხნის შესასვლელთან ღამით მორიგე ჯგუფი რჩება, დღის განმავლობაში კი ყველა გაფიცული იკრიბება.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილის, ლევან კასრაძის განცხადებით, „გაფიცულების, უფრო კი ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი არ არის რაიმე რეალური შედეგის მიღება. მედიაციის დროს, კომპანია მაქსიმალურად განიხილავდა ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა, მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ მედიაციის პროცესი ჩიხში შევიდა. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მცდელობებს გაფიცულებთან.
მოლაპარაკებები და ნებისმიერი დიალოგი ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მათთან, თუმცა, გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.
ჩვენ 2022 წელს, ისედაც გავზარდეთ ხელფასები 50 პროცენტით, ამასთან, ხელფასის ზრდა ბევრად აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პირველად, გასული 2022 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა“.
კომპანია ირწმუნება, რომ მხოლოდ თანამშრომლების ნაწილია გაფიცულია და ქარხანა წარმოების პროცესს აგრძელებს.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე იანინა მაშკოვაა. კომპანიის წილების 92%-ს 1998 წელს დაბადებული, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე იაკოვ გვიჩია ფლობს. დანარჩენი 8% ასევე რუსეთის მოქალაქეების გია გვიჩიას და მისი მეუღლის, ხათუნა გვიჩიას საკუთრებაშია. გია გვიჩია „საირმე მინერალ ვოთერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ის სანქტ-პეტერბურგში მსხვილი ბიზნესმენია. არის ლენინგრადის ოლქში მოქმედი „ვიბორგ ტერმინალის“ პრეზიდენტი და კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი.