„ქართული ოცნების“ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართულის ცოდნა კანონით აღარ მოეთხოვებათ. ამ საკითხზე კრიტიკას არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
პარლამენტმა 13 დეკემბერს დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები - ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან. სახელმწიფო ენის ცოდნა კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოხელისთვის დადგენილი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.
„ამ კანონში შეტანილი სხვა მავნებლური ცვლილებების ფონზე ეს დეტალი გამორჩათ თუ გამოტოვეს, ვერ ცვლის იმ მოცემულობას, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მოადგილე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც ქართული არ იცის“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
საკანონმდებო ცვლილებას გამოეხმაურა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილიც, რომელიც წლების განმავლობაში საჯარო სამსახურებში მუშაობდა.
„მთავრი ის არის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის (ანუ დეპარტამენტის) უფროსი და მის მოადგილე აღარ ითვლება მოხელედ და მარტივდება სამსახურში მათი მიღების წესი - ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღება და არა კონურსის წესით. ეს ნიშნავს, რომ დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე ხდება პოლიტიკური პირი და არ ევალება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა (ამ ფონზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდება დეპარტამენტების შიგნით). დეპარტამენტის უფროსსა და მოადგილეზე აღარ გავრცელდება მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები (უმაღლესი განათლება, სტაჟი).
ეს ყველაფერი ნიშნავს ნეპოტიზმის ახალი მწვერვალების დაპყრობას, საჯარო სამსახურის პოლიტიზირებას, დეპარტამენტის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე ზეწოლის გაძლიერების და მათი მეშვეობით სისტემაში სიტუაციის დაჭერის მცდელობას.
სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა მოხელის სამსახურში მისაღებად (ეს ახლაც ასეა). ვინაიდან ცვლილებით, დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე აღარ არიან მოხელეები, სახელმწიფო ენის ცოდნა მათ აღარ მოეთხოვებათ. ვუშვებ, რომ ეს ნაწილი შეგნებულად გააკეთეს, თუმცა, კანონის მთავარი მიზნიდან გამომდინარე, ასევე ვუშვებ, რომ ეს ნაწილი გაეპარათ. რადგან ავტორიტარულ, რუსული ტიპის, თან არალეგიტიმურ რეჟიმზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული. გამოჩნდება“, - აღნიშნავს მეზვრიშვილი.
საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საჯარო სამსახური ქართულად ხორციელდება და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
„ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სპეციალისტების, მათ შორის, დასაქირავებლად ამა თუ იმ ინსტიტუციაში. არის შესაძლებლობა, რომ იყოს, მაგალითად, უცხოელი ექსპერტი დაქირავებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც საჯარო ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებზე ვსაუბრობთ, სადაც ქართულ, სახელმწიფო ენაზე მიდის წარმოება, სადაც დოკუმენტები იქმნება ქართულად და თანამშრომლებთანაც არის ურთიერთობა ქართულად, რა თქმა უნდა, აქ არის კრიტერიუმი ქართული ენის ცოდნაც.
დღეს ერთმა კოლეგამაც თქვა, რომ მასე თუ ჩავხედავთ კანონს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვისაც არსად წერია, რომ ქართული ენა უნდა იცოდეს. რა გგონიათ, საკონსტიტუციო სასამართლოში ვინმე აირჩევა, ვინც არ იცის სახელმწიფო ენა? ეს არის ძალიან წვრილმანი დეზინფორმაცია.
კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვა, ქართული ენის ცოდნა იქნება ყოველთვის მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ საჯარო სამსახურში იმუშაო“, - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
შალვა პაპუაშვილი საიას თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ორგანიზაციის დონორებს, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს, მათგან „დეზინფორმაციის“ უარყოფა მოითხოვოს.