ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის საქმიანობის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წელს „მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელმძღვანელობის მსგავს განცხადებებს განიხილავს როგორც რეგიონის მოვლენების რეალური სურათის დამახინჯების და საკუთარ პროვოკაციებზე და შეცდომებზე პასუხისმგებლობის მეზობელ სახელმწიფოებზე გადატანის კიდევ ერთ მცდელობას“, - განაცხადა დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა, მილანა ცვიჟბამ.
ამასთან, ე.წ. სამინისტროში ამბობენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში „საქართველო რჩება ერთადერთ მხარედ, რომელიც ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმის საბოტაჟს ახორციელებს და კატეგორიულ უარს ამბობს აფხაზეთის რესპუბლიკასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე“.
„არსებული წინააღმდეგობებისთვის ქართულ-რუსული კონტექსტის მინიჭების ყოველგვარი მცდელობა ხელოვნური და აბსოლუტურად უპერსპექტივოა.
გარდა ამისა, საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს უკიდურესად ნეგატიური როლის შესრულებას ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში“, - აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ მიმართულ ქმედებებს.
ანგარიში, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა და ის 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. „ამ კონტექსტში გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს (5 ოქტომბერს) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთი რაუნდი გაიმართა, 2023 წლის 4-5 აპრილს კი რიგით 57-ე რაუნდი ჩატარდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე მთავარი თემები იყო რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ძალების გაყვანისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება.