ევროპარლამენტის წევრმა და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით არასრული, ფრაგმენტული და ხშირად ზედაპირულია. კალიურანდის თქმით, რიგ საკვანძო საკითხებში საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
8 ივნისს, ბრიუსელსი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) რიგით მეთორმეტე სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციაც ესწრებოდა, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89%-ს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს უჭერს მხარს, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებალია.
„საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობამ ახლა უნდა შეასრულონ ხალხისადმი მიცემული დაპირებები არა ჩვენთვის, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნამდვილად მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ეს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარაა და არ ვიცით, რამდენ ხანს იქნება ღია. ის შესაძლოა მალე დაიხუროს. ამიტომაც, ეს ისტორიული შანსი უნდა იქნეს გამოყენებული.
რადგან ამ კომიტეტის წევრები ასე ძალიან აფასებენ ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებს საქართველოსთან, როცა საჭიროა მათ არასასიამოვნო სიმართლეც უნდა თქვან. ჩვენ არ ვცდილობთ დაგამციროთ, არამედ გესაუბრებით როგორც მეგობრები, პარტნიორები და თანასწორები.
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების 80% უკვე შესრულებულია და ამიტომ იგი ელოდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან ე.წ. სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ეს განცხადება კითხვის ნიშნებს ბადებს იმ შეფასებებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც არა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, არამედ ევროკომისიისა და დასავლელი პარტნიორებისგან ვიღებთ.
წლების წინ, საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით არის არასრული, ფრაგმენტული და ხშირად ზედაპირული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას რიგ საკვანძო საკითხებში.
ევროპარლამენტის წევრები, სხვა ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლები და დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ საქართველოს თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრებისგან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ ჩავითრიოთ საქართველო რუსეთთან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში. ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო.
ეს არ არის სიმართლე. ჩვენ არ გვსურს ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. თქვენს არცერთ მეგობარს არასდროს სდომებია, თქვენი ჩათრევა მორიგ სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი.
საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას არა იმიტომ, რომ მისი ჯარისკაცები რუსეთის არმიას სოხუმიდან არ დევნიან, არამედ პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმეების არსებობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო; დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დაშინების შემთხვევების გამო; დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო; პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ სკანდალურ კანონპროექტს; იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტის სამიტზე განაცხადა, რომ LGBTI უფლებების ხელშეწყობა „უმცირესობების მიერ უმრავლესობაზე ძალადობაა“; რუსეთთან დაკავშირებით მთავრობის და მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია მთავრობის დაჟინებული უარით შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ცოტა ხნის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებით“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარის თქმით, დღეს საქართველო გზაგასაყარზეა და მისმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს: ერთი ქვეყანას ევროპულ მომავლამდე მიიყვანს, ხოლო მეორე წარსულში დააბრუნებს.
„არჩევანი თქვენზეა. მომავალი თაობების თვალში პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენზე იქნება. გასაგებია, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და გასულ წელს საქართველოს მშპ-ს ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საზიარო ფასეულობებს და ვალდებულებებსაც, არამხოლოდ მშპ-ს ზრდას“, - აღნიშნა მარინა კალიურანდმა.
პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ყველაფერს აფუჭებს „ფეიკ ჰედლაინები“ [ყალბი სათაურები] და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სურვილი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ბითაძემ ხაზი გაუსვა, რომ არასდროს, არცერთ ოფიციალურ პირს საქართველოში არ უთქვამს, რომ ევროკავშირს ან რომელიმე სხვა პარტნიორს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ომი სურს, თუმცა მსგავსი განცხადებები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებისგან ისმოდა.
„ძალიან რთულია, საუკეთესო გზის პოვნა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ვებრძოლოთ პოლიტიკურ ტურბულენტობას, „ფეიკ ჰედლაინებს“, რაც მედიის საკმაოდ ფართო ველს ფარავს საქართველოში. მინდა გთხოვოთ, რომ გაიგოთ, საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობა. ძალიან მიხარია დღეს იმის მოსმენა, რომ კარი ისევ ღიაა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე წლის ბოლოსთვის, რაც ნამდვილად მიგვიყვანს დეპოლარიზაციამდე, რადგან ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ყოველ განცხადებას... არა ყველა განცხადებას, არამედ განცხადებას სათაურებით, მივყავართ პოლარიზაციამდე“, - განაცხადა ბითაძემ.
კალიურანდმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის უპასუხა, რომ როდესაც ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბრობენ, მათ კონკრეტულ განცხადებებს ეყრდნობიან. „ძალიან ვწუხვარ, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი დღევანდელი დისკუსია საქართველოში პოლარიზაციას იწვევს. ჩემი რჩევაა, არ დაადანაშაულოთ სხვები, არამედ ჩაიხედოთ სარკეში და დაინახოთ, რა შეიძლება გააკეთოთ უკეთესად“, - თქვა მარინა კალიურანდმა.