საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში პირველი აგვისტოდან აიკრძალა. როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, იგივე აკრძალვა ევროკავშირიდან შემოყვანილ მანქანებს 26 სექტემბრიდან შეეხება. შეზღუდვები აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად დაწესდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 990 864 400 აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5%-ია. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 267.3%-ით გაიზარდა.
რუსეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ღვინის ექსპორტი უსწრებს. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 52 513 600 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 14 039 000 დოლარი იყო.
მსუბუქი ავტომობილები საქართველოსთვის უმსხვილესი საიმპორტო საქონელიც არის, რომელის იმპორტმა 2023 წლის იანვარ-ივნისში 1 313 500 000 აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.2% შეადგინა. აქედან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების ღირებულება 719 452 600 დოლარი იყო.
ქვეყნების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი მანქანა ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში გადის.
ევროკავშირმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი ივნისში დაამტკიცა. შედეგად, რუსეთში მანქანების ექსპორტზე აკრძალვა გაფართოვდა და შეეხო ყველა ახალ და მეორად მანქანას, რომლის ძრავის მოცულობა გარკვეულ ზომას (> 1.900 სმ³) აღემატება, ასევე, მთლიანად ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებს.
