გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და სხვა არაუფლებამოსილი პერსონალი“ უკრაინის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან და დააბრუნოს იგი უკრაინის ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ამ საკითხზე რეზოლუცია 193 წევრისგან შემდგარმა გენერალურმა ასამბლეამ 99 ხმით მიიღო. დოკუმენტს მხარი საქართველომაც დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 ქვეყანამ - რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ჩრდილოეთ კორეამ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ, სირიამ და ერიტრეამ, ხოლო 60-მა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა, ჩინეთმა, მექსიკამ, საუდის არაბეთმა, ერაყმა და ეგვიპტემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია ითხოვს რუსეთის მხრიდან დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმების უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც უკრაინის ყველა ბირთვულ ობიექტზე ბირთვული ავარიის ან ინციდენტის რისკს ზრდის.
ასამბლეამ ასევე მოითხოვა, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან მთელი თავისი სამხედრო ძალები.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ რეზოლუციას უწოდა პოლიტიზებული პროექტი, რომელსაც მხოლოდ ომის მხარდამჭერების გამხნევება შეუძლია ევროპაში, ამერიკასა და უკრაინაში.
რეზოლუციის მიღებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის აღდგენისკენ.
„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „უკრაინის ბირთვული ობიექტების, მათ შორის ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება“. რეზოლუცია იმეორებს ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისა და დეოკუპაციის აუცილებლობას იმ ფონზე, რომ რომ რუსეთი არ ასრულებს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველი ორგანოების რეზოლუციებს.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების აღდგენაში დახმარებისთვის. ერთობლივი მუშაობით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ფუნდამენტური საერთაშორისო სამართალი და საერთო ღირებულებები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია, რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დაიკავა. სადგური გამორთულია, მაგრამ გარე ენერგიის მიწოდებას საჭიროებს ბირთვული მასალის გასაგრილებლად. ომის განმავლობაში უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სადგურის დაბომბვასა და ელექტროგადამცემი ხაზების გათიშვაში.