„დაიწყეს ლაპარაკი მოქალაქეობის ჩამორთმევაზე. ეს არავის აშინებს. როდესაც აქ ადამიანები არიან იმისთვის, რომ თავი დადონ, პასპორტის ქონა-არქონაზე არ არის ლაპარაკი“, - ასე გამოეხმაურა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი „ქართული ოცნების“ წევრთა განცხადებებს. ჯერ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, რომ უკრაინაში სამხედრო სამსახურში მყოფებმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს „პრორუსული მთავრობა“ რუსეთის დავალებებს ასრულებს, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ აქტივობასთან, რადგან, ის „რუსულ ჯარს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს“.
„პარტია „ქართული ოცნება“ თავის სტილში აგრძელებს ჩვენს დისკრედიტაციას, უფრო ატიურად. ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ უკრაინული ჯარი საკმაოდ წარმატებით ახორციელებს კონტრშეტევით ოპერაციას. „ქართული ლეგიონი“ უკრაინის ჯარის შემადგენლობაში ყველაზე დიდი უცხოური შენაერთია და სტატისტიკურად, ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტებს. აქედან გამომდინარე, მე როგორც ვხვდები, საქართველოს მთავრობამ კურატორებისგან მიიღო მითითება, რომ მომხდარიყო იმ მოხალისეების ტალღის შეჩერება, რომლებიც ჩამოდიან და გვიერთდებიან ყოველდღიურად. ასე რომ, ლოგიკურია რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს.
ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, ის ეწყინა, რაც ევროპარლამენტში გამოსვლისას ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი ტყვედ ჰყავს აყვანილი, ფაქტობრივად, მანიპულირებს საქართველოთი და არ მიჰყავს იმ ვექტორით, რაც ქართული საზოგადოების მოთხოვნაა. სამწუხაროდ, საქართველოს პროდასავლური, დემოკრატიული მიმართულება არ აქვს. ღარიბაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც თავისი კურატორი ეუბნება და რასაც თავის კურატორს ეუბნებიან“, - თქვა მამულაშვილმა.
„ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი დეზინფორმაციას უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, თითქოს, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
„არასდროს ვყოფილვარ პარტიული. ლაპარაკი, რომ მე რამენაირად ვეკუთვნი პოლიტიკურ პარტიას, ან „ქართული ლეგიონი“ რამენაირად ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში, არის სისულელე. ალბათ, თვითონაც იციან. ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ მითითება, რომელიც უნდა შეასრულონ. „ქართული ლეგიონი“ 2014 წლის აპრილში შევქმენი და [უკრაინაში] ჩამოვედი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. ამასთან რაიმე კავშირი ან ექსპრეზიდენტს, ან რომელიმე პოლიტიკოსს არასდროს ჰქონია. ეს იყო და არის დამოუკიდებელი დანაყოფი, რომელიც ამ შემთხვევაში პოლიტიკას არ ითვალისწინებს.
თუ ქართულ პოლიტიკას ვაკრიტიკებთ, ლოგიკურიცაა, იმიტომ, რომ რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ იბრძვიან დღევანდელი მმართველი პარტიის წევრები“, - აღნიშნა მამულაშვილმა.
მან „ქართულ ლეგიონში“ მოხალისეების მიღების პროცესზეც ისაუბრა. როგორც მამუკა მამულაშვილი ამბობს, რეკრუტირებას სხვადასხვა ქვეყანაში აცხადებენ, თუმცა ლეგიონის რიგებში არ იღებენ ადამიანებს, რომელთა მოტივაცია მხოლოდ ხელფასია.
„თუ ადამიანი იდეოლოგიურად არ არის განწყობილი აკეთოს ის, რისთვისაც აქ ჩამოდის, აზრი არ აქვს, არ ვღებულობთ ასეთ ადამიანებს. მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი საბრძოლო გამოცდილებაა. ვიღებთ მხოლოდ ისეთ ადამიანებს, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ და იციან, რას აკეთებენ. შერჩევის პროცესის გავლის შემდეგ, შეუძლიათ ხელი მოაწერონ კონტრაქტს უკრაინულ შეიარაღებულ ძალებთან, კონკრეტულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვასთან. რა თქმა უნდა, აქტიურ სამხედრო მოსამსახურეებს არცერთი ქვეყნიდან არ ვიღებთ, იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ უკან გავაბრუნეთ. [ლეგიონის წევრი] ჩვეულებრივად იღებს იმ ხელფასს, რასაც ნებისმიერი უკრაინელი ჯარისკაცი“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
5 დეკემბერს, ბახმუტთან საქართველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში ომის პარტიის წარმომადგენლებს მიჰყავთ“. გარდა ამისა, მან დაღუპულებს „საწყალი ბიჭები“ უწოდა. ორ დღეში პრემიერს განმარტებების გაკეთება მოუწია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ უთქვამს, რომ უკრაინაში ყველა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიჰყავს: „უნდა გაიმიჯნოს - არის კატეგორია, რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი არის დღესაც პარტიის მოქმედი წევრი. მაგალითად, [მამუკა] მამულაშვილი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი“, - თქვა ღარიბაშვილმა.