საქართველოს რუსული კომპანია Inter RAO-სთვის 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველომ უმსხვილეს რუსულ ენერგო კომპანია Inter RAO-სთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში 75.9 მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. მანამდე, შვედურმა ტრიბუნალმა კომპანიის სასარგებლოდ ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Inter RAO-ს შვილობილმა, ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიებმა - Gardabani Holdings BV-მა და Silk Road Holdings BV-მა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (აშშ) საარბიტრაჟო განხილვისთვის 2017 წელს მიმართეს. ისინი საქართველოს მთავრობას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ შეთანხმების მიუხედავად, არ აუნაზღაურა ინფლაციით და ლარის გაუფასურებით მიყენებული ზიანი.

ამერიკულმა არბიტრაჟმა საქართველოს ჯამში 75 926 000 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც დაასკვნა, რომ ქვეყნის მთავრობამ დაარღვია სატარიფო პირობები, რომლებზეც გარიგების დროს დასთანხმდა. ხელშეკრულებები ქვეყანას ავალდებულებდა, დაეცვა „ნებისმიერი ვალდებულება“, რომელიც „ჰოლანდიელ ინვესტორებთან“ ჰქონდა აღებული.

Inter RAO-ს ყოფილ სახელმწიფო კომპანია „თელასში“ 75%-იანი წილი აქვს Silk Road Holdings BV-ის მეშვეობით, ხოლო Gardabani Holdings BV ელექტოენერგიის მწარმოებელი კომპანიების სს „ხრამი 1“ და „ხრამი 2“-ის 100%-იან წილს ფლობს 2011 წლიდან.

არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, 2003 წელს Inter RAO-ს მიერ „თელასის“ შეძენის შემდეგ, სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის ტარიფთან დაკავშირებული შეთანხმებები რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის, 2007, 2010, 2011, 2012 და ბოლოს 2013 წლებში. ეს შეთანხმებები მოიცავდა ფიქსირებული და გარანტირებული ტარიფების კორექტირებას ისეთი ფაქტორების კომპენსირებისთვის, როგორებიცაა ინფლაცია და ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურება. თუმცა, 2014 წელს, საქართველომ მიიღო ტარიფების დადგენის რეგულირების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2013 წელს Inter-RAO-სთან შეთანხმებულ ტარიფებს ეწინააღმდეგებოდა და არ მოიცავდა ელექტროენერგიაზე ტარიფის კორექტირებას (გაზრდას). 2015 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2014 წლის მეთოდოლოგიით დაადგინა „თელასის“ ახალი სამომხმარებლო და სადისტრიბუციო ტარიფები, რომელიც 2013 წლის შეთანხმებაში გათვალისწინებულისგან განსხვავდებოდა.

ანალოგიურად, Gardabani Holdings BV-ისა და საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა „ხრამის“ კომპანიების მიერ ელექტროენერგიის გენერაციის (წარმოების) ტარიფების შეთანხმებულ ფიქსირებულ ზრდას და ასევე, ტარიფების შემდგომ კორექტირებას ზრდის მიმართულებით, რაც გამოწვეული იქნებოდა უცხოურ ვალუტებთან, როგორიცაა იაპონური იენი და აშშ დოლარი, ლარის გაუფასურებით. შეთანხმების თანახმად, თუ საქართველო ვერ შეასრულებდა ხელშეკრულების პირობებს, ვალდებული იყო აენაზღაურებინა შეუსრულებლობის შედეგები. თუმცა, 2015 წლიდან 2017 წლამდე, სემეკი უარს ამბობდა გენერაციის ტარიფის გაზრდაზე ვალუტის ნებისმიერი გაუფასურების ასანაზღაურებლად ან ადეკვატური კომპენსაციის უზრუნველსაყოფად.

ვაშინგტონში მიღებულ გადაწყვეტილებამდე, შვიდი კვირით ადრე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Gardabani Holdings BV-სთვის 27.49 მილიონი, ხოლო „თელასისთვის“ 84.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება მოუწევს საქართველოს, რადგან საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა (აშშ) უმრავლესობით თქვა, რომ ისინი ამ საქმეში საქართველოს ზიანის ანაზღაურებას დააკისრებდნენ კომპანიების მხრიდან გარანტიის საფუძველზე, რომ ისინი არ მოითხოვენ კომპენსაციას მათთვის მიყენებული მთლიანი ზიანის მიღმა და რომ მიიღებენ ზომებს ზიანის ორმაგი ანაზღაურების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს, საარბიტრაჟო სასამართლოში იუსტიციის სამინისტრო და უცხოელი იურისტების გუნდი წარმოადგენდა. ქართულ მხარეს დავის წაგებასთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

2021 წელს საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ის ტარიფები, რომელიც სემეკ-მა 2014 წელს „თელასისთვის“ დაადგინა, დადგენილი იყო „აბსოლუტურად ობიექტური, გამჭვირვალე მეთოდოლოგიით“ და სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო. „ასეთ დროს, ჩვენ ყოველთვის ამოვდივართ მოსახლეობის ინტერესებიდან“, - ამბობდა თურნავა.

ონლაინგამოცემა „საქართველოს ამბები“ მე-10 თვეა სასამართლოში უჩივის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც გასული წლის მარტიდან არ გასცემს საჯარო ინფორმაციას, კერძოდ - „ხრამიჰესი 1“-ის და „ხრამიჰესი 2“-ის წილების პრივატიზების შესახებ 2011 წლის 12 აპრილს დადებულ ხელშეკრულებებს და მასში შესულ ცვლილებებს.

 

ნახეთ ამ თემაზე სპეციალური რეპორტაჟი

რუსეთი საქართველოს ენერგეტიკაში და ახალი ჰესები „ინტერ რაოს“ საფარქვეშ

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).