საქართველოში საშუალო ხელფასი 309 ლარით გაიზარდა და 1773 ლარი შეადგინა

2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით, ანუ 309.9 ლარით გაიზარდა და 1773.7 ლარი შეადგინა. ქალების საშუალო ხელფასი 1411.7 ლარით, ხოლო კაცების - 2123.2 ლარით განისაზღვრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2726.7 ლარი (გაიზარდა 12.1%-ით);
  • მშენებლობა - 2535.8 ლარი (გაიზარდა 14.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2455.1 ლარი (გაიზარდა 15.1%-ით).

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასს, საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ხელფასი 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7%-ით), ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3%-ით) დარგებში ფიქსირდება.

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1523.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო სფეროებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობენ. თბილისში საშუალო თვიური ხელფასი 2066 ლარია, მცხეთა-მთიანეთში 1560 ლარი, აჭარაში 1492 ლარი, ქვემო ქართლში 1376, იმერეთში 1235, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1212, სამცხე-ჯავახეთში 1201. რეგიონებიდან ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი არის შიდა ქართლში 1150 ლარი, კახეთში 1095 ლარი, გურიაში 1023 ლარი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 910 ლარი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.