საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია. ამჟამად მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია - შპს „დღე პირველი“, შპს „კამარა“ და შპს „გამოსავალი“. დაინტერესებულ პირებს აქვთ გამოჯანმრთელების სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელება კომპლექსური საკითხია და მოითხოვს მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას, აგრეთვე თამაშდამოკიდებული პირის ოჯახის წევრებთან (თანადამოკიდებულ პირებთან) მუშაობას.
„გამოჯანმრთელების სურვილის ქონის შემთხვევაში შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა თამაშდამოკიდებულ პირს ნიჰილისტურ განწყობას უქმნის და უიმედობის განცდას უჩენს, რაც უმყარებს მცდარ აზრს, რომ თამაშდამოკიდებულება განაჩენია და გამოსავალი არ არსებობს. ეს ხელს უწყობს თამაშდამოკიდებულ პირთა რაოდენობის ზრდას. სფეროში დაგროვილი პროფესიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის გონივრულ შეზღუდვასთან ერთად აუცილებელია თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების გამართული სისტემისა და ინფრასტრუქტურის არსებობა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ქვეყნის მასშტაბით თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების სერვისების შეზღუდული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გარდა, არსებით გამოწვევად სახელდება ამ სერვისების მაღალი ღირებულება. კერძოდ, თამაშდამოკიდებული პირის სრულფასოვანი გამოჯანმრთელების პროგრამა საშუალოდ 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და მისი ყოველთვიური ღირებულება 1000-დან 2500 ლარამდეა.
ანგარიშის მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში არ ხორციელდება იმის კონტროლი, თუ რა მეთოდოლოგიით ახდენენ თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრები და კერძო პირები თამაშდამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციას. არ არსებობს არც სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით და არ არის დამტკიცებული გაიდლაინები ჯანმოს გამოცდილების გათვალისწინებით.
„საყურადღებოა, რომ გამოჯანმრთელების პროცესში ჩართულმა არაკვალიფიციურმა პერსონალმა შეიძლება ბენეფიციარებს სირთულეები შეუქმნას. მაგალითად, შესაძლებელია პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმდეს და მას უიმედობის განცდა გაუჩნდეს“, - ნათქვამია ანგარიშში.
გამოწვევად არის დასახელებული თამაშდამოკიდებულ პირთა გამოჯანმრთელების სერვისებთან დაკავშირებით მათი და მათი ოჯახის წევრების გათვითცნობიერებულობის დაბალი დონე, აგრეთვე ამ სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიების სირთულე.
„ამ დაავადების დიაგნოსტირება და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება სათანადოდ არ ხორციელდება. მაგალითად, ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დაავადებათა ახალი შემთხვევების ელექტრონულ სისტემაში 2022 წელს F63.0 კოდით მხოლოდ 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ის, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობების გამოვლენასა და დიაგნოსტირებაში კომპეტენტური არ არიან, და, მეორე მხრივ, − ის, რომ ამ პრობლემის მქონე პაციენტები ძირითადად მიმართავენ კერძო პრაქტიკით დაკავებულ სპეციალისტებს (ფსიქოლოგებს), რომელთაც არ აქვთ სპეციალიზებული სტატისტიკური ფორმების შევსების ვალდებულება“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში გამოყენებულია აზარტულ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის საკითხზე ააიპ აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც,
მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ე. წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდთა წილი 22%-ია.
ანგარიშში მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ძირითად მიზეზებად გამოყოფილია: არასახარბიელო სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების დაბალი დონე, ბევრი თავისუფალი დროს ქონა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ტრენდულად და პოპულარულ სასაუბრო თემად მიჩნევა, სათამაშო ბიზნესის მიერ აგრესიული მარკეტინგული კამპანიის წარმოება, სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონის აღსრულების ნაკლოვანებები.