„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ტოგონიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2700 ლარით დააჯარიმა. ეძგვერაძემ სხდომა დაწყებიდან მალევე, პროტესტის ნიშნად, დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
როგორც მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.
„მოსამართლემ ის 2700 ლარით დააჯარიმა იმ გარემოებაში, როცა ირაკლი ეძგვერაძეს გაუსწორდნენ ფიზიკურად და შემდგომ 48 საათი ჰყავდათ იზოლატორში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეს მოძალადე პოლიციელები, თურმე, არც კი ჰყავს გამოკითხული. სასამართლოში ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ეძგვერაძე არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ ჩადიოდა. არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა სასამართლოს, რომ მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ტყეშელაძემ.
სასამართლო პროცესზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გიორგი ზუბადალაშვილი გამოიკითხა, რომელმაც თქვა, რომ დაკავების დროს ეძგვერაძის მიმართ პროპორციული ძალა გამოიყენეს და მასზე არ უძალადიათ.
ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ 4 სექტემბერს, ღამით, გლდანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდნენ, რა დროსაც, მათ ხელი შეუშალა ეძგვერაძემ, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ირაკლი ეძგვერაძე კი ამბობს, რომ პოლიციელთა მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც შეეცადა გაერკვია, რატომ იყვნენ ისინი მობილიზებული მის ავტოფარეხთან.
„ჩემს მიმართ განხორციელდა მძიმე დანაშაული. ავტოფარეხში შემათრიეს, იქ ერთ საათზე მეტი ვიყავი დაკავებული, დამაგდეს ძირს, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ შემოიყვანეს მამაჩემი, რომელიც 70 წლისაა და დაიწყეს საქმის გარჩევა. წინასწარი დაკავების იზლატორში შემომიტანეს ოქმი, სადაც წერია, რომ მე, თურმე, სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი მათ და არ დავემორჩილე“, - განაცხადა ეძგვერაძემ დასამართლოს სხდომათა დარბაზის დატოვებამდე.
4 სექტემბრის ღამეს დააკავეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე, რომელიც ირაკლი ეძგვერაძის სახლთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ მივიდა. რამდენიმე საათში ის ხელწერილით გაათავისუფლეს.
ორივე ოპოზიციონერს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დაჯარიმდა.