საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ტრიბუნიდანაც გააკრიტიკა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველი რუსული კანონპროექტები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ზურაბიშვილი სიტყვით ნიუ იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის სესიაზე გამოვიდა. მისი თქმით, მიუხედავად ხელშესახები პროგრესისა, საქართველო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე.
„ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს [და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისთვის.
აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავს და პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს. როგორც „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ორივე კანონპროექტს სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გადაგზავნიან. ამასთან, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც.
კანონპროექტებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
6 მარტს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს კანონმდებლობას „რომელიც სავარაუდოდ მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს ისევე, როგორც მსგავსმა კანონმდებლობა გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ თუ პარლამენტი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, მას ვეტოს დაადებს. პრეზიდენტის თქმით, ასეთი კანონი ქვეყანას ევროპისგან დააშორებს და ამდენად, ის მისთვის მიუღებელია.