სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ მას და მის თანმხლებ ორ პირს ათამდე ადამიანი დაესხა თავს. შემთხვევა სოფელ დიღომში დღეს მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ვიყავით სოფელ დიღომში, სადაც სასათბურე მეურნეობის ქირაობა გვინდა. საცხობში შევედით და რომ გამოვედით, 25-30 წლის კაცმა დაიწყო ძალიან აგრესიული და შეურაცხმყოფელი ყვირილი, გინება, რომ ჩემი ფეხი არ იყოს იქ. რაც მთავარია, მგონი, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ იქ ვიყავი - აქ შენ ვერაფერს იყიდიო. მას შეუერთდა იქვე, „ბირჟაზე“ მდგომი ათამდე ორკი. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ აშკარად ცდილობდნენ, ჩემთან ერთად მყოფი ბიჭების აგდებას, რომ გინების გამო ჩხუბი დაეწყოთ და პირველებს დაერტყათ. ისინი აქტივისტები არიან და იციან, რომ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ“, - იხსენებს ნატა ფერაძე.
სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ის და მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანი მანქანაში ჩასხდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელები მანქანას გარშემო შემოეხვივნენ და ხელებს ურტყამდნენ.
„ყველანაირად ცდილობდნენ, ჩვენს გამოწვევას. იქვე, პოლიციაში მივედი და განცხადება გავაკეთე. შემპირდნენ, რომ ამოიღებენ ვიდეოთვალის ჩანაწერებს და ნახავენ, ვინ იყო. ამას არ დავტოვებ რეაგირების გარეშე და პოლიციასაც ბოლომდე შევაწუხებ, რადგან არ ვაპირებ, ლინჩის წესები დაკანონდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა ფერაძემ.
პოლიციამ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
9 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში საბჭოთა დიქტატორის, სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის გამო ნატა ფერაძე მუქარის და თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით, 2 თებერვალს, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ის წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ეს იყო სტალინისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, რასაც არ ვნანობ არცერთი წამით. გარდა ამისა, „ალტ ინფოს“ უგორებენ კოჭს - აი, ციხეში ვსვამთ ადამიანს თქვენი წმინდა სტალინის შეურაცხყოფისთვისო. იანანებენ, ციხეში რომ წამიყვანეს“, - ამბობდა ნატა ფერაძე დაკავების დროს.
ნატა ფერაძის დაპატიმრებას პრორუსული, ძლადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ითხოვდა. პარტიის ლიდერები პარლამენტის წინ 13 იანვარს გამართულ აქციაზე იმუქრებოდნენ, თუ ხატის „შეურაცხყოფისთვის“ სახელმწიფო ფერაძეს სათანადო პასუხს არ გასცემდა, ამას თავად გააკეთებდნენ. მანამდე, „ალტ ინფოს“ წევრები და მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტის სახლთან მივარდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ. ნატა ფერაძე იძულებული გახდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადასულიყო.