საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით სუჯაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმირებული არ ყოფილა და ამის შესახებ ღია წყაროებიდან შეიტყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
სუჯაშვილი, რომელიც საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას 2013-2019 წლებში იკავებდა, დღეს, 24 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. მისი თქმით, გამოკითხვაზე ისაუბრა როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა წევრმა.
„ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნდა. დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიური სამსახურები, თავის ჩარჩოებში მუშაობენ. დაზვერვის სამსახური სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა, აქტიურად არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მე რომ არ მცოდნოდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მცოდნოდა“, - უთხრა მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.
დავით სუჯაშვილის თქმით, საგუშაგოს გახსნის შემდეგ, მოსახლეობა „საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩავარდა“ და რუსეთის ფედერაციამ „იქ დამატებითი საგუშაგოები გახსნა“.
ბოლო დღეებში ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე პროკურატურაში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაიაც იმყოფებოდნენ. დავით სუჯაშვილის მსგავსად, ისინიც ამბობენ, რომ საგუშაგოს გახსნის შესახებ წინასწარ ინფორმირებულნი არ ყოფილან. იგივე თქვეს უფრო ადრე გამოკითხულმა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც დაადასტურა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი მაია ცქიტიშვილია.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს, გიორგი გახარიას 2019 წლის აგვისტოში, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს თვითნებურად გახსნასა და ახალი ომის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ.
თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედმა ე.წ. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ საკითხზე გახარია ორჯერ გამოჰკითხა. კომისიის წევრების განცხადებით, საგუშაგოს გახსნის შედეგად, საოკუპაციო ძალებმა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი დაიკავეს.
როგორც გახარიამ განაცხადა, საგუშაგოს გახსნის გეგმა შეთანხმებული იყო ყველა შესაბამის უწყებასთან, მათ შორის, საქმის კურსში იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი თქმით, საგუშაგოს გახსნის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირების აღდგენა იყო.
ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, „დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე“. გიორგი გახარია ამ გამოძიების ფარგლებშიც გამოიკითხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 250 მეტრის დაშორებით, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განთავსდა.
