აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს. როგოც ისინი ამბობენ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იმის გამო ვერ მოხვდნენ, რომ იურიდიული მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფიქსირდებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„მეუბნებიან, რომ მიფიქსირდება გალის საცხოვრებელი მისამართი და არ მიფიქსირდება არც პარიზის მისამართი, არც თბილისის. ამის გამო მე არ შემიძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მეუბნებიან, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და ამიტომ იქ არჩევნები არ იმართება. ადრე ჩვეულებრივ ვიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, ცესკოს სიაშიც ვიყავი და ფაქტობრივი მისამართი მქონდა თბილისში, მამაჩემთან, რომელიც გაქრა“, - განაცხადა თამარ დემურიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ცხინვალიდან დევნილი სოფო ჭილაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სიაში მოსახვედრად სთხოვენ არსებული იურიდიული მისამართიდან ამოეწერონ „საქართველოში დაფიქსირდნენ“. „რა გამოდის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვაღიარებთ და ვტოვებთ იმ ტერიტორიას, რომლის გამოც დევნილებად ვიქეცით?!“, - აღნიშნავს სოფო ჭილაშვილი.
ცესკოს სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ლადო სამუშიამაც, რომელიც ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოშია რეგისტრირებული და იქ ხმის მისაცემად კანზასის შტატიდან უნდა ჩასულიყო.
„ვიფიქრე, მივალ უბანზე, ვაჩვენებ პასპორტს და მივცემ ხმას. თითქოს მარტივია, მაგრამ ნურას უკაცრავად. როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ცესკოს სიაში არა ვარ და ამასთან არ არსებობს არანაირი გზა ჩემი ცესკოს სიაში მოხვედრის. რა ყოფილა თურმე პრობლემა: მე ოფიციალურად რეგისტრირებული ვარ სოხუმის მისამართზე. ამ მისამართით ხმას ვერ მისცემ, იმიტომ, რომ სოხუმი ოკუპირებულიაო. თუ გინდა სხვა მისამართზე დარეგისტრირდე (მაგალითად აშშ.-ში ან წალენჯიხაში) უნდა მიმართო იუსტიციის სამინისტროს რომელიც დაგარეგისტრირებს, მაგრამ სოხუმის მისამართს ამოშლისო. სოხუმის მისამართის დატოვება და დროებით/ფაქტობრივ სხვა მისამართზე რეგისტრაციის უფლება შენით არ გაქვსო. ეს უნდა გააკეთოს დევნილთა სამინისტრომო. დევნილთა სამინისტრომ ამას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ, რომ დევნილის სტატუსი შეჩერებული გაქვსო. დევნილის სტატუსი შეჩერებული იმიტომ გაქვს, რომ უცხოეთში ცხოვრობ და მუშაობ დიდი ხანიაო. მაგრამ უცხოეთში ვერ დარეგისტრირდები, იმიტომ, რომ სოხუმში ხარ რეგისტრირებულიო. ანუ, თელაველი რომ ვიყო, შევძლებდი ნიუ-იორკიდან ხმის მიცემას, მაგრამ რადგან სოხუმელი ვარ, არ შემიძლია.
დევნილთა სამინისტრო ჩემს ფაქტობრივ მისამართს ვერ ამატებს სიაში იმიტომ, რომ მაგათ თვალში ოფიციალურად დევნილი არ ვარ, მაგრამ ამავე დროს, ნიუ-იორკის საკონსულო ვერ მამატებს სიაში იმიტომ რომ სოხუმიდან ვარ.
ჰოდა, მე არაფერი არ მიჭირს. ჩავალ ნიუ იორკში და ერთი დღე ბროდვეიზე გავისეირნებ, მაგრამ თქვენ ასე აპირებთ ღირსებით ევროპაში შესვლას?“, - წერს Facebook-ზე სამუშია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. „პრობლემად ნუ გადავაქცევთ იმას, რაც პრობლემა არ არის“, - უთხრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძე ტელეკომპანია „პირველს“. მისი თქმით, პრობლემა იარსებებდა მაშინ, თუ ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმების საშუალება არ ექნებოდათ.
„ის, რომ კანონის თანახმად, ამომრჩევლის გარკვეული სეგმენტი არჩევნებში ვერ იღებს მონაწილეობას, არ არის სიახლე. ყველასთვის არსებობს სერვისი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აინტერესებს საკუთარი სტატუსი, შეუძლია საკუთარი თავი სიაში გადაამოწმოს“, - განაცხადა შარაბაძემ.
26 სექტემბერს ცესკომ მიიღო განკარგულება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისთვის, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს ქმნის. ოპოზიცია და ემიგრანტები დამატებითი უბნების გახსნას ითხოვენ, რის გამოც ცესკოს განკარგულება სასამართლოშიც გაასაჩივრეს. საქალაქო სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამ ეტაპზე საქმეს სააპელაციო ინსტანცია განიხილავს.
ამ თემაზე:
„ჩემი ხმა“: საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 65 508-ზე მეტი უნდა იყოს