„ცილისწამების კანონების, უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონების გამოყენება თავისუფალი სიტყვის გასაჩუმებლად ახალი არაა. ჩვენ ამას ვხედავთ რუსეთში, ნიკარაგუასა და უგანდაში, რომელთა ლიდერები დიდი ხანია იყენებენ ამ ინსტრუმენტებს ჟურნალისტების, მოსამართლეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების მიზანში ამოსაღებად, რათა გაიმყარონ ძალაუფლება და ჩაახშონ განსხვავებული ხმები და შეხედულებები“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინმა კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებს, მათ შორის, საქართველოში მიღებულ რუსულ კანონს ეხებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
სენატორის თქმით, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქვეყანა, რომელთაც ძირითადად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მიიჩნევდნენ, მიმართავს ამ კანონებს როგორც რეპრესიების იარაღს.
„ღრმად შემაშფოთებელია, რომ დემოკრატიებმა საქართველოდან ინდოეთამდე და თურქეთამდე გამოიყენეს თავიანთი სამართლებრივი სისტემები ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
მინდა ვაღიარო, რომ ამ კანონებიდან ბევრი სრულიად ლეგიტიმურია. არსებობს მიზეზები უცხოელი აგენტების რეგისტრაციისთვის - ცილისმწამებლური თავდასხმებისგან ინდივიდების დასაცავად, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოსაკრებლების ან გადასახადების დროულად გადახდის მოსათხოვად, ან ძებნილებისა და კრიმინალების დაკავების მიზნით ინტერპოლის შეტყობინებების გამოსაყენებლად. პრობლემაა, როდესაც ეს კანონები რეპრესიებისა და დაშინების იარაღად იქცევა.
[...] ამდენი წლის განმავლობაში საქართველო იყო ნათელი წერტილი ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში, მიუხედავად ქუჩის მასიური დემონსტრაციებისა, მთავრობამ მიიღო უცხოური გავლენის რეგისტრაციის კანონი, რომელიც ძალაში შემოდგომაზე შედის.
გასაოცარია, რომ ეს კანონი რუსული კანონის მიხედვით არის შექმნილი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ისინი იმ გზას გაჰყვნენ, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას შევიწროვოს არამომგებიანი ორგანიზაციები და აქტივისტები.
ის მიზნად ისახავს დააშინოს და საბოლოოდ გაჩუმება აიძულოს სამოქალაქო საზოგადოების ხმებს, რომლებიც ხელისუფლებას არ ეთანხმებიან. კანონის მხარდამჭერებმა მმართველ პოლიტიკურ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“, ძალიან მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი განზრახვები და ის, თუ სამოქალაქო საზოგადოების რომელ წარმომადგენლებს თვლიან მტრებად“, - აღნიშნა ბენ კარდინმა.
სენატორმა დამსწრეებს აჩვენა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისთან და მისი დირექტორის, ეკა გიგაურის სახლთან გაკრული პოსტერები, წარწერით „სამშობლო არ იყიდება“, რაც, მისი თქმით, „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ადამიანების ერთგულებას, რომლებიც ამ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ ადვოკატირებენ“.
„განცხადება მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისთვის უცხოური აგენტების იარლიყის მიკერებას. კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს აქვს პასუხისმგებლობა, განახორციელოს გაბედული საკანონმდებლო ქმედება, რომელიც შეეწინააღმდეგება ამ კანონების გამოყენებას და მხარს დაუჭერს გაბედულ აქტივისტებს, რომლებსაც დემოკრატიის შენარჩუნება აქვთ გადაწყვეტილი“, - აღნიშნა სენატორმა.