ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს სოციალური დაფინანსება შეუჩერა. მისი თქმით, მოსკოვში არაერთხელ გააჟღერეს, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გარკვეულ სანქციებს გამოიწვევდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
„1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. ალბათ იცით, რომ შეჩერებულია ზოგიერთი სოციალური დაფინანსება, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის მოწოდებაში, რაც ყოველ ზამთარს გვჭირდება, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა შამბამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დმიტრი კოზაკისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლის შესახებ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დოკუმენტში საუბარია იმ აფხაზი ე.წ. დეპუტატებისა და ოპოზიციონერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, რომლებიც „აპარტამენტების კანონის“ მიღებას ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, სწორედ 1-ელი სექტემბრიდან მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებამდე, მოსკოვი აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გეგმავდა. ვალდებულებების ჩამონათვალში იყო კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნაც.
კოზაკი და ბჟანია ერთმანეთს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 19 აგვისტოს შეხვდნენ, გავრცელებული პროტოკოლი კი 26 აგვისტოთი თარიღდება. როგორც სერგეი შამბა ამბობს, აღნიშნული დოკუმენტი ოფიციალურად არ მიუღიათ და მისი დადასტურება არც თავად ბჟანიას შეუძლია, რადგან პროტოკოლის შედგენას არ ესწრებოდა.
„დოკუმენტს, რომელიც ოფიციალურად არ მოსულა, ვერ განსაზღვრავთ როგორც ნამდვილს. თუმცა, იქ ნახსენები საკითხები არაერთხელ იქნა გაჟღერებული სხვადასხვა შეხვედრაზე... საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“, - თქვა სერგეი შამბამ.
მისი განცხადებით, მოქალაქეობის ჩამორთმევა სავსებით გამოყენებადი სანქციაა: „რატომ წავიდეთ შორს, როცა რუსეთის მოქალაქეობა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახდენთ გავლენას. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ადამიანი რუსეთისადმი მტრულად არის განწყობილი, მაშინ მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ“.
ჟურნალისტებმა სერგეი შამბას ჰკითხეს, რატომ არ შედგა რუსეთ-აფხაზური სამთავრობათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც სოხუმში 26 აგვისტოს უნდა გამართულიყო.
„რუსეთის ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ შეხვედრა ჩაიშალა. როგორც მივხვდი, მათ არ სურდათ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღეს გამოეცხადებინათ, რომ დაფინანსება შეჩერებულია“, - განაცხადა შამბამ.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ე.წ. მინისტრმა თქვა: „მიმაჩნია, ჩვენს ინტერესებშია, რომ ნორმალურად განვითარდეს. არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება“.
შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც აპირებს შეხვედრების გამართვას, რათა განიხილოს არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.
