„შვილი ჯარში ჯანმრთელი გავგზავნე, მკვდარი დამიბრუნეს“ - სუიციდი თავდაცვის ძალებში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18 წლის იუსიფ ნასიბოვმა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა, მარნეულის სამხედრო ნაწილში თავი 8 ივნისს მოიკლა. ასეთია თავდაცვის სამინისტროს წინასწარი ოფიციალური ვერსია. ეს ფაქტი წელს თავდაცვის ძალებში სუიციდის პირველი შემთხვევა არ არის. 28 აპრილს, გვიან ღამით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს სერჟანტი, 45 წლის მამუკა მელაძე. სამინისტროს განცხადებით, სერჟანტმა თავი ჩამოიხრჩო. გამოძიების დასრულებამდე უწყებამ თქვა, რომ მომხდარი სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მამუკა მელაძე კასპში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოს თავდაცვის ძალებში თითქმის 20 წლის განმავლობაში მსახურობდა, იყო აგვისტოს ომისა და საქართველოს საერთაშორისო სამხედრო მისიის მონაწილე ავღანეთში.

ორივე შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამხედრო პოლიცია მსგავს შემთხვევებს ამ კვალიფიკაციას აძლევს, რასაც გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახების ნაწილი არ იზიარებს.

ჩემი შვილი ჯარში ცოტა ხნის წინ წავიდა, ჯანმრთელი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია და უკან მკვდარ დამიბრუნეს. რა დააშავა, რა მოხდა იმ სამხედრო ნაწილში. თუ თავი მოიკლა, ე.ი. რაღაცამ აიძულა. თუ ავად იყო, რატომ არ უშველეს?“

გარდაცვლილი ჯარისკაცის, იუსიფ ნასიბოვის დედა გამოძიებისგან პასუხებს ითხოვს.

„პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის ზუსტი სტატისტიკა გამოქვეყნებული არ აქვს. სხვადასხვა მონაცემებით, 1997-დან 2002 წლამდე თავი მოიკლა 54-მა ჯარისკაცმა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2000 წელს დაფიქსირდა - სუიციდის 16 შემთხვევა. 2003-2012 წლების მონაცემები საჯარო წყაროებში არ იძებნება - ეს ინფორმაცია „საქართველოს ამბებმა“ უკვე გამოითხოვა თავდაცვის სამინისტროდან.

„საქართველოს ამბებმა“ მოიძია 2012-2021 წლებში სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების შემთხვევები, რაზედაც გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. ეს მონაცემები შესაძლო სუიციდის შემთხვევებს სრულად არ ასახავს.

2012 წელი:

  • 19 წლის კობა მახარაშვილი გორის ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის რიგითი იყო. ის 12 ივლისს გარდაიცვალა. ჯარისკაცს ტყვია პირში ჰქონდა ნასროლი. მანამდე, ტელეფონის ფარულად გამოყენების გამო სამხედრო ნაწილის სერჟანტმა ცემა და დაემუქრა, რომ საღამოს, ასეულის თვალწინ შიშველს ატარებდა. სერჟანტი, 26 წლის თენგიზ გელაშვილი წამების ბრალდებით დააკავეს.
  • 20 აგვისტოს, მცხეთაში მდებარე სამხედრო ნაწილში 21 წლის ჯაბა გაბიტაშვილი გარდაცვლილი ნახეს.
  • 5 დეკემბერს, პირველი ბრიგადის ჯარისკაცი ჯამბულატ ბლიაძე გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცმა ავტომატიდან გასროლით თავი მოიკლა. ბლიაძე სამხედრო სამსახურში ერთი თვის გაწვეული იყო.

2013 წელი:

  • 25 მაისს, სენაკის სამხედრო ნაწილში, შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, რიგითი, 32 წლის მამუკა გეგეჭკორი გარდაიცვალა.
  • 20 აგვისტოს, ალექსეევკას საავიაციო ბაზაზე წვევამდელი გიორგი მებონია გარდაიცვალა. შემთხვევა განწესში ყოფნის დროს საგუშაგოზე მოხდა. სამინისტროს ცნობით, რიგითმა თავი მოიკლა.
  • 25 სექტემბერს, თელავის სამხედრო ნაწილში, მე-20 კადრირებული ბრიგადის რიგითმა, 22 წლის არკადი იმერლიშვილმა თავი მოიკლა.

2014 წელი:

  • 3 მარტს, გარდაცვლილი იპოვეს სამხედრო მოსამსახურე, 22 წლის იმედა მურვანიძე, რომელიც მე-3 ქვეით ბრიგადაში საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა. სამინისტროს ინფორმაციით, შაბათ-კვირას დათხოვნაში, საკუთარ სახლში, ახალციხეში იმყოფებოდა და 4 მარტს, დილით მოწყობაზე ბრიგადაში უნდა გამოცხადებულიყო.
  • 3 სექტემბერს, წვევამდელი, 21 წლის გიორგი ასანიძე დაჭრილი იპოვა სამხედრო ნაწილის მორიგემ. ასანიძეს ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გიორგი ასანიძე შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.
  • 2 ოქტომბერს, 19 წლის დავით ბოლოთაური სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. დავით ბოლოთაური ძალებში 2014 წლის 3 სექტემბრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.
  • 22 დეკემბერს, 20 წლის ნიკოლოზ უგულავა გარდაცვლილი იპოვეს სამხედრო ნაწილის საგუშაგოზე. უგულავაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა 2014 წლის 4 ოქტომბრიდან.
  • 28 დეკემბერს, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 24 წლის დათო გელაშვილი გარდაცვლილი ნახეს. ის შეიარაღებულ ძალებში 2012 წლის 18 დეკემბრიდან ირიცხებოდა. თვითმკვლელობის დღეს ის დათხოვნაში იყო.

2015 წელი:

  • 10 ივნისს, 1-ელი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე 22 წლის გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სასწავლო კურსზე იყო მივლინებული, სადაც არ გამოცხადდა. მოგვიანებით, ის სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი იპოვეს.
  • 20 ივნისს, ხობის რაიონის სოფელ ყულევში, საკუთარ სახლში თავი მოიკლა 18 წლის რატი შამათავამ, რომელიც მანამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა და რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების საგუშაგოზე მსახურობდა.
  • 1-ელ სექტემბერს, ნორიოს საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს 23 წლის ტარიელ ფანჩულიძე. თავადაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რიგითმა თავი მოიკლა საშტატო იარაღიდან გასროლით.
  • 4 ოქტომბერს, გორში, შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის I კლასის რიგითი, 33 წლის თამაზ თამარაშვილი გარდაიცვალა.

2017 წელი:

  • 27 ივნისს, ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს საკონტრაქტო მოსამსახურე, 22 წლის იოსებ ინასარიძე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, განწესში მორიგეობის დროს, სამხედრომ თვითმკვლელობის მიზნით იარაღიდან თავში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას ამ შემთხვევაშიც ეჭვქვეშ აყენებდა.

2018 წელი:

  • 14 ნოემბერს, დათხოვნაში ყოფნის დროს, ხობში, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 29 წლის ლ.ბ. საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

2019 წელი:

  • 12 მაისს, სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, 25 წლის ვლადიმერ მახათაძე, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს. მახათაძე თავდაცვის ძალებში 2017 წლიდან მსახურობდა.
  • 15 მაისს, არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, 34 წლის პაატა ჩხაიძე. სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნანახია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

2021 წელი:

  • 3 მარტს, ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, 20 წლის ჯონი ძინძიბაძემ თავი მოიკლა. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ განწესში მორიგეობის დროს, თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ იზიარებდნენ ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ. სამინისტრომ ამ შემთხვევაზეც გამოძიების დასრულებამდე თქვა, რომ თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ოჯახის წევრებმა სამინისტროს ეს განცხადებაც უარყვეს. გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, ჯონი ძინძიბაძემ „სავალდებულო ჯარი რომ დაასრულა, საკონტრაქტო სამსახური ვაზიანში გააგრძელა; სხვადასხვა სწავლებაში მონაწილეობდა და რამდენიმე თვეში ავღანეთში სამუშაოდ წასვლას აპირებდა“.

2022 წელი

  • 18 აპრილს, სენაკის ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ნახეს 21 წლის ჯონი ახალაია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „პირველი კლასის რიგითმა თავი მოიკლა თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რაც შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით დგინდება“. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას ამ შემთხვევაშიც არ ეთანხმებოდნენ.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის მაღალი მაჩვენებლის გამო, თავდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი. ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ჯარში სუიციდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (გემბლინგი) და აქედან დაგროვილი ვალები იყო. სამინისტროს ინიციატივით, კანონში ცვლილებები შევიდა და სამხედროებს აზარტული თამაშები აეკრძალათ. სამინისტროში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი ახლაც ფუნქციონირებს, თუმცა მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.