საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის. დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაურის დონეც განსაზღვრულ ნორმებს აღემატება. აღნიშნული დარღვევა 100 ლარით დაჯარიმდება. სამართალდარღვევად ჩაითვლება ე.წ. დრიფტი, სიჩქარის გადაჭარბებაზე კი ჯარიმა ორმაგდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლს ემატება მე-17 (ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი) და მე-18 ნაწილები (ე.წ. დრიფტი, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება). აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო, თუ ზემოაღნიშნულ ქმედებას მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა კი მე-17 ნაწილზე - 30, ხოლო მე-18 ნაწილზე 35 ქულით შემცირდება.
დასჯადი იქნება იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია. აღნიშნული გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა.
პასუხისმგებლობა მკაცრდება დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. სანქციის სახედ წესდება 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. ამასთან, სანქცია იზრდება აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება 1000 ლარი.
სანქცია წესდება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.
სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვა იწვევს 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი პროექტით აღნიშნული დარღვევები მოექცა ერთ ნაწილში და სანქციად განისაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ცალკე სამართალდარღვევად ყალიბდება. 250 ლარის ნაცვლად აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. თუ ამ ქმედებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო, მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. დაკონკრეტდა, რომ ეს სამართალდარღვევა გულისხმობს შემთხვევის ადგილის მიტოვებას, როგორც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით, ისე მის გარეშე.
ორმაგდება ჯარიმის ოდენობა დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებით მოძრაობისთვის და 150 ლარის ნაცვლად წესდება 300 ლარის ოდენობით ჯარიმა.
თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, არსებული 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
იცვლება და ახლებურად ყალიბდება სანქციის ოდენობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის. აღნიშნული ქმედებისთვის წესდება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, სანქციად განისაზღვრება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაწესდება საწყისი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი პროექტით, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელი იქნება შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მისი იძულებით მიყვანა.
კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა და მისი მიღება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება.