სომხეთის ეროვნულმა კრებამ უნდა შეისწავლოს რომის სტატუტთან შეერთების შედეგები და რუსეთთან მოკავშირული ურთიერთობებისთვის რისკები შეაფასოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, იური ვორობიოვმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
რომის სტატუტთან შეერთების შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება მოუწევს, თუ ის სომხეთის ტერიტორიაზე შევა.
ჯერ კიდევ მარტში სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტი ქვეყნის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. შემდეგი ნაბიჯი დოკუმენტის პარლამენტში რატიფიცირება უნდა იყოს.
„როგორც გვესმის, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი აღიარებს ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციას ყველა საქმეზე, რომელსაც ის განიხილავს. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი სომეხი კოლეგების ამ ნაბიჯს არ გააჩნია ანტირუსული კონტექსტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხელშესახებ ზიანს აყენებს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს.
მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, კიდევ ერთხელ ყურადღებით განიხილონ რომის სტატუტთან მიერთების შედეგები და შეაფასონ შესაძლო რისკები რუსეთთან მოკავშირული ურთიერთობებისთვის. მივმართავ პარლამენტარებს“, - განაცხადა ვორობიევმა რუსეთის ფედერალურ კრებასა და სომხეთის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომისიის სხდომაზე.
სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც სომხეთის ეროვნული კრების წევრმა, იაკობ არშაკიანმა განაცხადა, ამ დროისთვის რომის სტატუტის რატიფიკაციის პროცესი შეჩერებულია.
„ეს პროცესი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაიწყო და არ უკავშირდება სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. სომხეთის მმართველ პარტიას და ჩვენს გუნდს არავითარი განზრახვა და სურვილი არ აქვს, რომ ამან რაიმე გავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობებზე. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ, რომ რომის სტატუტის რატიფიკაციასთან დაკავშირებულმა პროცესმა სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები არ დააზიანოს“, - თქვა არშაკიანმა.
2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ასევე, ბავშვის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. ორივე მათგანს ბრალი ედებათ ომის დანაშაულში, კერძოდ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში. რუსეთის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი ამ სასამართლოს იურისდიქციას არ სცნობს: „რუსეთი ამ ორგანოსთან არ თანამშრომლობს, დაკავების „რეცეპტები“ კი, რომელსაც საერთაშორისო სასამართლო იძლევა, ჩვენთვის იურიდიულად უსარგებლოა“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტი საერთაშორისო ხელშეკრულება - რომის სტატუტია, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 124 ქვეყანა აწერს. საქართველო ხელშეკრულებას 2003 წელს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც ვრცელდება.
