თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ხელახალი გამოძიება არ ჩატარდება. დღეს, 18 ივნისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გასულ წელს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო. მათ შორის, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნა. გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახდენს, რომელმაც 2024 წლის მარტში საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურ სწრაფად განეხილა მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტისთვის, ასევე, გარდაცვლილის ოჯახისთვის, გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია არ ითვალისწინებს მოწოდებას გამოძიების განახლების თაობაზე და „იგი მხოლოდ აკეთებს დათქმას, რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესწავლის მიზნით პროკურატურიდან მაჩალიკაშვილის საქმე გამოითხოვა, შეისწავლა და გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას ვერ დაინახა, რასაც შემდეგნაირად ხსნის:
„ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინციდენტის [იგულისხმება სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრა - რედ.] შემდეგ პირველი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც არ შეიძლება ჩათვლილიყო დამოუკიდებელ პირად. სამსახურმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა და განმარტა, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედება დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების თანამშრომლებსაც რომ ჩაეტარებინათ, მაინც იარსებებდა რისკი, რომ მტკიცებულება განადგურებულიყო, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მისვლას დაჭირდებოდა გონივრული დრო და ამ დროში მტკიცებულებასთან წვდომა კვლავ ექნებოდა ოპერაციის ჩამტარებელ უწყებას. ამავდროულად ასეთ რისკებს აზღვევს საქმეზე ჩატარებული უამრავი სხვა საგამოძიებო მოქმედება.
რაც შეეხება აღნიშნული დარღვევის ნაწილში გამოძიების განახლების საკითხს, სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოძიების განახლება ამ კომპონენტში არაგონივრულია, ვინაიდან - ჩხრეკის ჩატარება არის შემდგარი ფაქტი და გამოძიების განახლების შემთხვევაშიც, შეუძლებელია იმავე ვითარებაში ჩატარდეს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ხელახალი გამოძიებისთვის შედეგის მომტანი იქნება.
ევროპულმა სასამართლომ ხარვეზად მიიჩნია, რომ პროკურატურა შეზღუდული იყო ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის შეფასებისას, რასთან დაკავშირებითაც სამსახური დადგენილებაში განმარტავს, რომ ვინაიდან სპეციალური ოპერაციის ჩატარებამდე, ჩატარებისას და ოპერაციის შემდგომ არ მომხდარა არსებული მონაცემების დოკუმენტირება და ანგარიშის შედგენა, ხელახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, ვერ იქნება მოპოვებული და ამოღებული ასეთი დოკუმენტები, რადგან ისინი ფიზიკურად არ არსებობს და უფრო მეტიც, მათი შედგენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამართლებრივად არ ევალებოდა.
კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც ევროპული სასამართლო საუბრობს, მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილე და ღონისძიებასთან დაკავშირებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გამოიკითხნენ დაგვიანებით. სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ სპეცრაზმელთა დაგვიანებით გამოკითხვა იყო ვინმეს დანაშაულებრივი მიზანი ან/და ნება. გამოძიებით დადგენილია, რომ მათი გამოკითხვა დაკავშირებული იყო საიდუმლო დოკუმენტაციის გასაიდუმლოებასთან, რის შემდეგაც სამართალდამცავებს ჰქონდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სპეცრაზმელებმა, თუნდაც დაგვიანებით გამოკითხვის პირობებში, გამოძიებას მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოზიციების შეთანხმების რისკი ჰიპოთეტურად მაინც იარსებებდა იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთ უწყებაში მუშაობენ და ნაცნობობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. შესაბამისად, გამოძიების ის მიზნები, რომლებიც დაკავშირებული იყო სპეცრაზმელთა გამოკითხვასთან და მომხდარის ირგვლივ მათგან დეტალური ინფორმაციის მიღებასთან, შესრულებულია. ამდენად, გამოძიების განახლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოკლებული გონივრულ საფუძვლებს და მიზანშეუწონელია.
ასევე, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს არ მიეცათ სისხლის სამართლის საქმის საიდუმლო მასალაზე წვდომა, რამაც შეზღუდა მათი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ გამოძიებაში. სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული გარემოება და შეაფასა, რამდენად არის ეს გარემოება გამოძიების განახლების საფუძველი. კერძოდ, საქმის საიდუმლო მასალების მომჩივნებისთვის დაგვიანებით გაცნობას არ გამოუწვევია იმ სახის არსებითი ზიანი, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა გამოძიების შედეგებზე. მხედველობაში იქნა მიღებული საიდუმლო რეჟიმის დოკუმენტებთან განსაკუთრებული და შეფასებითი მიდგომის წესი. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ იმ საგამოძიებო მიმართულებებით, რომლებშიც მომჩივანი მხარის ჩართულობა შეზღუდა საიდუმლო მასალების დაგვიანებით გაცნობამ, საგამოძიებო ორგანოს ჩატარებული ჰქონდა უამრავი სხვა მოქმედება და მიიღო გონივრული ზომები საქმეზე არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დასადგენად. საბოლოოდ, საქმის საიდუმლო მასალებს და მასში არსებულ ინფორმაციას მომჩივანი მხარე გაეცნო. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მინიშნება, რომელიც აფიქრებინებდა გამოძიებას, რომ მათი დაგვიანებით გაცნობა არის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი.
შესაბამისად სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. 2020 წლის 25 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა. 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმეზე გამოძიების განახლების მოთხოვნით მიმართა, რაც უწყებამ არ დააკმაყოფილა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდა და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდა.