მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართულ ენაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში და მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური. „საქართველოს ამბები“ გადაწყვეტილების შესახებ სასამართლოს სრულ განცხადებას ქართულ ენაზე გთავაზობთ:

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პრესრელიზი - ფატალური ანტიტერორისტული ოპერაციის ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების არარსებობა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა - პროცედურული ასპექტი (სიცოცხლის უფლება) და 6 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მე-2 მუხლი - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).

საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლის ნათესავი, თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის დაჭრილი იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან, როდესაც სავარაუდოდ ცდილობდა ყუმბარის აფეთქებას დაკავების დროს. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება დასკვნის გამოსატანად, გონივრული ეჭვის გარდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა პირობებში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. უფრო მეტიც, მან უარყო მომჩივნების საჩივარი მე-3 მუხლის ფარგლებში (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) არასათანადო მოპყრობის შესახებ და მიიჩნია, როგორც დაუსაბუთებელი.

 

არსებითი/ძირითადი ფაქტები

განმცხადებლები, მ. მაჩალიკაშვილი, ე. მაჩალიკაშვილი, ნ. მაჩალიკაშვილი და ა. მარგოშვილი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაიბადნენ შესაბამისად 1968, 1949, 1989 და 1971 წლებში და სოფელ დუისში ცხოვრობენ. ისინი არიან თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ბებია, და და დედა. 

2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი მაჩალიკაშვილების სახლში თემირლან მაჩალიკაშვილის დასაკავებლად შევიდა, რადგანაც იგი საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ეჭვმიტანილი. როდესაც ოპერაციაში მონაწილე 32 ოფიცერიდან ორი მის საძინებელში შევიდა, თემირლან მაჩალიკაშვილმა სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქება სცადა და თავში ესროლეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ 2018 წლის 10 იანვარს მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

დაკავების ოპერაციიდან სამ საათში სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის გამომძიებელმა, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თანდასწრებით, ორი კრიმინალური ექსპერტისა და ფეთქებადი ნივთიერებების ექსპერტის თანხლებით სახლის ჩხრეკა ჩაატარა. მათ გადაიღეს ფოტოები და ამოიღეს სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, მობილური ტელეფონები და ხელყუმბარა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლის გვერდით იატაკზე ეგდო. მამამისს უთხრეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა და ერთ-ერთმა ოფიცერმა თავდაცვის მიზნით ესროლა. მაჩალიკაშვილის მამამ ეჭვი გამოთქვა, რომ ხელყუმბარა მის შვილს არ ეკუთვნოდა.

ჩხრეკის შემდეგ ისინი სახლიდან საძინებლის დალუქვის გარეშე გავიდნენ. თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახი, რამდენიმე მეზობელი და ადგილობრივი ჟურნალისტი მის ოთახში შევიდნენ, სადაც ჟურნალისტმა ფოტოები გადაიღო. ორ მათგანში, ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ამოიცნეს თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ყურსასმენები, რომელიც მათი განცხადებით შემდგომში გაუჩინარდა.

სისხლის სამართლის საქმე იმ გარემოებების შესახებ, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს, იმავე დღეს აღიძრა. საოლქო პროკურატურის გამომძიებელმა ორ კრიმინალურ ექსპერტთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი დაათვალიერა და მეტი ნივთი ამოიღო.

როდესაც მთავარმა გამომძიებელმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხა, ოთხივემ ცალ-ცალკე აღწერა, თუ როგორ გააღვიძა ისინი კარის ჩამტვრევის ხმამ, რასაც რამდენიმე წამში გასროლის ხმა მოჰყვა. შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიას ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ სროლის შემდეგ ისინი ყველანი საძინებლებში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იყვნენ ჩაკეტილები და არ იცოდნენ რა ხდებოდა, მაგრამ მათზე ძალადობა არ განხორციელებულა და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

ოჯახის ოთხივე წევრი 2018 წლის მარტში, აპრილში, ივნისში და 2019 წლის თებერვალში ხელახლა გამოიკითხა , სადაც ისინი ჩიოდნენ, რომ მათ არაადამიანურად და დამამცირებლად მოექცნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აღნიშნა, რომ ნახევრად შიშველი მათი სახლის ეზოში მიწაზე დააწვინეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბებია ამტკიცებდა, რომ მას არ გაუწიეს დროული სამედიცინო დახმარება ეპილეფსიური კრუნჩხვის გამო, არ მისცეს საპირფარეშოში შესვლის უფლება და მოშარდვა შეიარაღებული დაცვის თანამშრომლების წინაშე მოუწია.

გამოძიების დროს პროკურორს აცნობეს, რომ დაკავების ოპერაციის ამსახველი აუდიო, ვიდეო და ფოტო ფაილები არ არსებობდა. ჩართული ოფიცრები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიეცათ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების და არა მისი მოკვლის ინსტრუქცია. მათ ასევე განაცხადეს, რომ დაკავების ოპერაციის ინსტრუქცია ზეპირსიტყვიერად მისცეს, ზოგიერთი ძირითადი პუნქტი დაფაზე იყო დაწერილი და შემდეგ წაშალეს. არცერთ მათგანს არ ახსოვდა, ნახეს თუ არა მაჩალიკაშვილის საწოლში მობილური ტელეფონი და ყურსასმენი საძინებელში. სასამართლო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს საწოლში წოლისას; ხელყუმბარაზე იდენტიფიცირებადი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

2019 წლის იანვარში, განმცხადებლებს უარი ეთქვათ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მათ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყო განცხადება და დაადგინა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება გამოწვეული იყო სპეცრაზმის თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედებით. მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მათ ასევე შეიტანეს მრავალი განცხადება და საჩივარი გამოძიების ფარგლებსა და წესებთან დაკავშირებით, გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ პირველადი საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა სუს-ის მიერ, რაც გარკვეულ წინასწარ განსჯის დამოკიდებულებას იწვევდა გამოძიების მიმართ და ამასთან სერიოზულ ეჭვებს აჩენდა საძინებელში ხელყუმბარის წარმოშობასთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან გაგზავნილი ბოლო ტექსტური შეტყობინების დროის გათვალისწინებით, სავარაუდო იყო, რომ მას ეკეთა ყურსასმენები და იყენებდა მობილურ ტელეფონს, როდესაც ოფიცრები მის საძინებელში შევიდნენ და რომ ოფიცრებმა ხელი შეუშალეს მტკიცებულების არსებობას. თემირლან მაჩალიკაშვილს მწოლიარე მდგომარეობაში ესროლეს, რაც მათი აზრით, ხელყუმბარის ხელმისაწვდომობისა და მისი დეტონაციის მცდელობის შესაძლებლობას გამორიცხავდა.

2020 წლის 25 იანვარს, სისხლის სამართლის გამოძიება შეწყდა, რადგან არ იყო საკმარისი საფუძველი დასკვნის გასაკეთებლად, რომ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაული.

 

საჩივრები, პროცედურა და სასამართლოს შემადგენლობა

მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3(არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებზე მითითებით, განმცხადებლები ჩიოდნენ, უსაფრთხოების ძალების მიერ არასაჭირო ლეტალური ძალის გამოყენებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე ეფექტური გამოძიების არარსებობაზე და დაკავების ოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალების მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე.

განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს შევიდა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შვიდი მოსამართლისგან დაკომპლექტებული პალატის მიერ: ჟორჟ რავარანი (ლუქსემბურგი) - პრეზიდენტი, კარლო რაზონი (ლიხტენშტეინი), ლადო ჭანტურია (საქართველო), მარია ელოსეგი (ესპანეთი), მატიას გიომარი (საფრანგეთი), კატერინა შიმაჩკოვა (ჩეხეთი), მიკოლა ჰნატოვსკი (უკრაინა).

 

სასამართლოს გადაწყვეტილება

მე-2 მუხლი

პროცედურული მხარე - სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავების ოპერაციის გარემოებების გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა, პირველი საგამოძიები მოქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ჩაატარეს და არა პროკურატურის ორგანოებმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანომ გამოძიება საკუთარ თავზე რამდენიმე საათში აიღო, ის ეყრდნობოდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში ჩატარებული ჩხრეკის შედეგებს და მტკიცებულებებს, რომლებიც შეგროვებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის მიერ, რომელიც არ იყო საკმარისად მიუკერძოებელი.

სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი არ იყო დალუქული და ნივთები გადაადგილებული იყო, რამაც კონკრეტული გავლენა იქონია გამოძიებაზე: სროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა და განცხადებები თემირლან მაჩალიკაშვილის ყურსასმენებთან დაკავშირებით სრულად ვერ შემოწმდა.

მომდევნო თვეებში, გამოიკითხა მოვლენების მონაწილე თითქმის ყველა ადამიანი და სხვა პოტენციური მოწმეეები, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, ოპერაციის მონაწილე ოფიცრები და სამედიცინო პერსპონალი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილს მკურნალობდა. შეგროვდა მრავალი ნივთი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის და ინციდენტთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები.

თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცრების თითქმის 5-კვირიანი დაგვიანებით დაკითხვამ, რაც მათი ვინაობის გასაიდუმლოების გამო მოხდა, გამოიწვია გამოძიების ადეკვატურობაში ხარვეზი, მით უმეტეს, რომ დამოუკიდებელი თვითმხილველები არ არსებობდნენ. გარდა ამისა, 20 თვე დასჭირდა იმ პირების დაკითხვას, ვინც ოპერაციის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობდნენ. მაშინ, როდესაც არ არსებობდა რაიმე ოფიციალური მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ მომზადდა ოპერაცია ან/და როგორ განხორციელდა ის, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეიზღუდა დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპის შეფასება. 

მთლიანობაში, სასამართლომ გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი სამართალწარმოებაში, კერძოდ, არასაკმარისი გამოძიება საწყის ეტაპზე, მათ შორის, ის, თუ როგორ მოხდა მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება და დამუშავება, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპის ზედაპირული გამოკვლევა, ოფიცრების გამოკითხვის დაგვიანება და თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, რამაც ოჯახს არ მისცა საშუალება, გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას პროცედურულ ფარგლებში.

არსებითი მხარე - სასამართლომ დაიწყო იმით, რომ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რომელიც ადგენდა, როდის იყო გამართლებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების მხრიდან ლეტალური ძალის გამოყენება. ამის შემდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ოპერაცია დაიგეგმა და ჩატარდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში და რომ ის ეთანხმება სახელმწიფოს არგუმენტს იმის შესახებ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო. სასამართლომ აუხსნელად მიიჩნია, რომ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი ან ფაილი, სადაც დეტალურად იქნებოდა მოცემული პროცედურები ოპერაციამდე, ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ და ის, რომ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ოფიცრების მონაწილეობით პოტენციური შეიარაღებული ტერორისტის დაკავების ოპერაციის დაგეგმვის დროს, ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტმა ვერ შეძლო, რომ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება ყოფილიყო.

თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთავარი კითხვა დაკავშირებული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ქცევასთან, როდესაც ოფიცრები მის საძინებელში შევიდნენ. მაშინ, როდესაც გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ პირველმა ოფიცერმა რეაგირება მოახდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუბარისკენ გაწევაზე და იმ ვარაუდით, რომ ის უშუალო საფრთხის წინაშე იმყოფებოდა, პირდაპირ თავში ესროლა, ოჯახი ამტკიცებდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ყურსასმენები ეკეთა და დიდი ალბათობით მობილურ ტელეფონს იყენებდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვლენების ვერსია, რომელიც სახელმწიფომ წარადგინა, დამაჯერებელი იყო და რომ მან [სასამართლომ] ვერ შეძლო ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შეფასება ნაწილობრივ გამოძიების ხარვეზების, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე არ მომხდარა ზუსტი გარემოებების სასამართლო შეფასება. ამგვარად, მან მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომლითაც საფუძვლიანი ეჭვის მიღმა დაასკვნიდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში. შესაბამისად, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მის არსებით ნაწილში.

მე-3 მუხლი

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა მტკიცებულებები იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა განიცადა სტრესი და მღელვარება იმის მიღმა, რაც მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო სამართალდამცავი ორგანოების ასეთი ტიპის ოპერაციის დროს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ეს ოპერაცია. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველ განცხადებებში მათ [ოჯახის წევრებმა] თქვეს, რომ მათ ოფიცრები ცუდად არ მოექცნენ. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება დასკვნისთვის, რომ ისინი დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარნენ. ამ მუხლში მათი საჩივარი უარყოფილი იქნა.

მე-13 მუხლი

სასამართლომ ვერ დაინახა საჭიროება განეხილა განმცხადებლების საჩივარი მე-13 მუხლის ფარგლებში კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან ერთად.

სამართლიანი დაკმაყოფილება (მუხლი 41)

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ განმცხადებლებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 000 ევრო დანახარჯებისთვის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.