სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება გაუქმდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია, არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
კანონის კონსტიტუციურობის დასადგენად სასამართლოს სახალხო დამცველმა 2021 წელს მიმართა. მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ სადავო ნორმა სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავდა, რადგან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების მოთხოვნა მოქმედებდა ყველა შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე. მოსარჩელე აცხადებდა, რომ ხშირად შეკრებას იწვევს მყისიერი სოციალური პროტესტი და შესაძლოა, მას საერთოდ არ ჰყავდეს გამოკვეთილი ორგანიზატორი. ასეთ შემთხვევაში, დროის სიმცირისა და სხვა გარემოებების გამო, შეუძლებელი ხდებოდა სადავო წესის დაცვა.
საკონსტუტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული შეკრების თავისუფლება იცავს როგორც წინასწარ ორგანიზებული, ასევე, სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობას, ვინაიდან ცალკეულ შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანობა სწორედ მყისიერებას, დროში დაყოვნების თავიდან აცილებასა და საზოგადოებრივი რეაქციის დაუყოვნებლივ გამოხატვას მოითხოვს. შესაბამისად, სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლება, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ადგილას ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით, ექცევა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცულ სფეროში.
„საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ, საზოგადოდ, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ათწლეულების მანძილზე სწორედ საჯარო შეკრება წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, პროტესტის გამოხატვის, იდეების, ღირებულებების გარშემო გაერთიანებისა თუ ბრძოლის ეფექტიან და ძალზე ხშირად გამოყენებულ საშუალებას“, - განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპონტანური შეკრების ყველა შემთხვევა ავტომატურად არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების საჭიროებას ან შესაძლებლობას.
„შეკრების ორგანიზატორთათვის გაფრთხილების ვალდებულების დაკისრება უფლებით სარგებლობის თანმდევი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. როგორც კი ორგანიზატორებისათვის ცხადი ხდება, რომ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ან სრულად გადაიკეტება სავალი ნაწილი, მათ ამის თაობაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობონ ხელისუფლების ორგანოებს“, - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილად არ მოიაზრებდა ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას სპონტანური საპროტესტო მანიფესტაციის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუფერხებლად ჩატარების უფლებას.