სტამბოლში დაახლოებით ორ თვეში გაიხსნება ეკლესია, რომელიც თურქული მედიის ინფორმაციით, 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ აშენებული პირველი მართლმადიდებლური ტაძარია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
წმინდა ეფრემის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების ცერემონია 2019 წელს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართა. გახსნის შემდეგ ის სირიულ თემს მოემსახურება, რომელიც მხოლოდ სტამბოლში, სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 17 - 18 000 ადამიანს ითვლის.
სტამბოლის სირიული ფონდის პრეზიდენტი საით სუსინი ამბობს, რომ 1844 წელს თარლაბაშის რაიონში აშენებული ეკლესია არ აკმაყოფილებდა სტამბოლში მცხოვრები სირიელების საჭიროებებს, რის გამოც ისინი მეგობარი რელიგიური ჯგუფების ექვს სხვადასხვა ეკლესიაში ლოცვას ცდილობდნენ, თუმცა რიტუალებთან და დროსთან დაკავშირებული განსხვავებების გამო, ამის გაკეთება უჭირდათ.
„ამ საჭიროებიდან გამომდინარე, მთავრობას მივმართეთ თხოვნით, გამოეყოთ ცალკე ადგილი ღვთისმსახურებისთვის ჩვენი ეკლესიის ასაშენებლად“, - ამბობს საით სუსინი. „სტამბოლის ყოფილმა მერმა ამას მხარი დაუჭირა და გამოყო სივრცე ლათინურ კათოლიკურ სასაფლაოზე. ეკლესია აშენდა არა საფლავებზე, არამედ 2700 კვადრატულ მეტრ ცარიელ ტერიტორიაზე. ეს პირველი შემთხვევაა რესპუბლიკის ისტორიაში, როდესაც ეკლესია ოფიციალურად აშენდა. ჩვენთვის დიდი სიამაყეა. მადლობელი ვართ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის - რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“.
ეკლესიის აშენება დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მისი არქიტექტურა თანამედროვე და მარდინის პროვინციაში მდებარე უძველესი სირიული მონასტრების არქიტექტურის ნაზავია.
სირიული თემი ეკლესიის ასაშენებლად ტერიტორიის გამოყოფას 2010 წლიდან ითხოვდა უპირატესად სტამბოლის იესილქოის, ბაქირკოისა და ფლორიას რაიონებში, სადაც ასირიელები მჭიდროდ არიან დასახლებულნი.
2020 წლის ივლისში, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტამბოლში მდებარე წმინდა სოფიას ტაძარს (აია-სოფია) 1934 წელს მინიჭებული მუზეუმის სტატუსი ჩამოერთვა და 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმებმა იქ პარასკევის ლოცვა შეასრულეს. ლოცვის დროს ტაძარში არსებული ქრისტიანული ფრესკები და მოზაიკები ფარდით იფარება. ამასთან, ტურისტებს აია-სოფიაში შესვლა კვლავ შეუძლიათ.
