ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
საიას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ.
რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.
„დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ მომჩივანი ორგანიზაციები.
საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანე მხარე დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე.
სტრასბურგში საჩივრის გაგზავნამდე, რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის 38 წევრი, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, ასევე, „საქართველოს ამბები“ და „სტუდია მონიტორი“ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 6 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიჩნია, რომ რუსული კანონი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის. შესაბამისად, მან უარი თქვა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე და სარჩელები ნაწილობრივ მიიღო განსახილველად.
