120 სამოქალაქო საზოგადოების და 16 მედია ორგანიზაციის, ასევე 4 ფიზიკური პირის სახელით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 5 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 6 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
„სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება, ჩვენ ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ. დღეს, 17 ოქტომბერს, რუსულ კანონს და მისგან გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვასაჩივრებთ “, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავებენ.
„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ.
დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება წარმატებით. ეს კანონი აუცილებლად გაუქმდება“, - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.
ვიდრე საჩივარი სტრასბურგში გაიგზავნებოდა, რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის 38 წევრი, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, ასევე, „საქართველოს ამბები“ და „სტუდია მონიტორი“ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 6 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიჩნია, რომ რუსული კანონი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის. შესაბამისად, მან უარი თქვა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე და სარჩელები ნაწილობრივ მიიღო განსახილველად.
რუსული კანონის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს მოსამართლეებმა - მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ვასილ როინიშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა. განსხვავებული აზრი ჰქონდათ გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. მათ მიაჩნიათ, რომ უნდა შეჩერებულიყო „კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას“.
