პარტია „გირჩს“, რომელმაც მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციის მღვდელმსახურის სტატუსით სავალდებულო სამხედრო სამსახური 36 324 წვევამდელს აარიდა, 11 მარტს, პარლამენტის შენობის წინ, დაგეგმილი აქვს აქცია „არა მონობას! ჯარი უნდა იყოს ნებაყოფლობითი“. „გირჩი“ აქციაზე ელოდება სტუდენტებსაც. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტით, სტუდენტის სტატუსი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ავტომატური საფუძველი აღარ იქნებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„გირჩის“ მიერ დაგეგმილი აქციის წინა დღეს, თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი ცვლილებას განიცდის და სამხედრო სავალდებულო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ.
როგორც „საქართველოს ამბებს“ სამინისტროში განუმარტეს, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ, თუ არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში, გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს.
კანონპროექტის პირვანდელი ვერსიით, შეეძლოთ სტუდენტები ჯარში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (ელექტრონული სისტემის მეშვეობით) გაეწვიათ.
თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს სასულიერო პირი/მღვდელმსახური.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით.
რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირი 12-თვიან არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს.
კანონპროექტით იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა და 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის), განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლით გადავადებისათვის. გადავადების უფლების გამოყენებას პირი მხოლოდ ერთხელ შეძლებს. შესაბამისად, გამოძახების შემთხვევაში, მომდევნო წელს კვლავ დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლდა. იმ შემთხვევებს შორის, როდესაც ჯარში გაწვევა მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე გადავადდა, 21 იყო მართლმადიდებელი, 15 - მუსლიმი, 330 - იეჰოვას მოწმე, 36 324 - „გირჩი“ - „ბიბლიური თავისუფლება“, 2106 -კატაკომბური ეკლესია, 41 - სხვა. 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტ, 286 673 შემთხვევაში ჯარში გაწვევა სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს გადაუვადდათ.