საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ვაზიანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ახალი აეროპორტის აშენება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მძიმე დარტყმა იქნება. 4 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით „რეფორმების ჯგუფს“ თავდაცვის მინისტრი ჰყავდა დაბარებული, გაირკვა, რომ ეს საკითხი თავდაცვის სამინისტროს შესაბამის საბჭოს და გადაწყვეტილების მიმღებ სამხედროებსაც არ განუხილავთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
კომიტეტის სხდომა მედიისთვის დახურული იყო. „ვინაიდან ვაზიანში მდებარე სამხედრო ობიექტები, პოლიგონთან ერთად, საიდუმლო რეჟიმის ობიექტებს წარმოადგენს და ამ დეტალების განხილვა ღია რეჟიმში ვერ მოხდება, ჩვენ სხდომა თავიდანვე უნდა დავხუროთ,“ - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს ახალი აეროპორტის აშენების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„რადიკალური პოზიცია, რომ არ შეიძლება აეროპორტის აშენება, არ არსებობს. თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა. ასე რომ, დაველოდოთ შეფასებას. იმ ექსპერტებში, რომელსაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეაფასებენ სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობას და მას შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ის, რომ დღეს არსებობდეს რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება, არ არსებობს.
ექსპერტების დაქირავება იქნება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება, მე როგორც ვიცი, 2024 წელს იქნება დაქირავებული, შეფასდება სამხედრო, გარემოზე ზემოქმედების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თუ რა ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს ამან ქალაქის ურბანისტიკას და ა.შ.“- განაცხადა ბურჭულაძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ილაპარაკა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
„თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ახალი სამოქალაქო აეროპორტი საფრთხეს არ უქმნის ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას. მე ვკითხე, იყო თუ არა გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს, მართვის ჯგუფისა და მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, როგორც ამას თავდაცვის დებულება ითვალისწინებს. მინისტრმა მიპასუხა, რომ არა.
ვკითხე, არსებობს თუ არა სამხედროების მონაწილეობით ამ გადაწყვეტილებაზე რაიმე დოკუმენტი? პასუხი იყო, რომ არა. შესაბამისად, მყარდება ვარაუდი, რომ ეს არის პრემიერის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას თავდაცვის მინისტრი უსიტყვოდ ასრულებს.
კითხვაზე - ნატოს რომელ ქვეყანას აქვს სამხედრო მრავალფუნქციური ბაზიდან და სამხედრო პოლიგონიდან სამ კილომეტრში დაშორებული აეროპორტი, მინისტრმა მიპასუხა, რომ მან უნგრეთში ისროლა ტანკიდან აეროპორტის სიახლოვეს და ამასთან, აეროპორტის მშენებლობა საცობების განტვირთვას გამოიწვევს.
ვაზიანის სიახლოვეს ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრია, სადაც ტარდება ნატო-საქართველოს და სხვა საერთაშორისო სამხედრო სწავლებები. სწავლებამდე წინასწარი შეტყობინება ეგზავნებათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და შესაბამისი გაფრთხილების თანახმად, დაფრინავენ თბილისის აეროპორტში. 2018 წელს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და პრემიერ მამუკა ბახტაძის დროს, იგეგმებოდა ვაზიანის აეროდრომის ერთობლივი განახლება, რაც არ შესრულდა ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო. ახალი აეროპორტის მშენებლობის შემდეგ, სამხედრო კუთხით ნებისმიერი განვითარების შესაძლებლობა უბრალოდ კვდება. მოხდება შემდეგი - სწავლებების ინტენსივობა და მრავალეროვნული შემადგენლობა ეტაპობრივად შემცირდება და ბოლოს დადგება ვითარება, როცა პოლიგონი ვაზიანიდან ორფოლოში გადავა. ორფოლო გაზრდის ლოგისტიკურ ხარჯებს, ვერ ჩაანაცვლებს ვაზიანის შესაძლებლობას. შედეგად, თავდაცვისუნარიანობა შემცირდება.
ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის მძიმე დარტყმა და ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან, მათ შორის, რომელი სამხედროები აწერენ მას ხელს“, - თქვა აქუბარდიამ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე და ამ მიზნით, თბილისში, იდეალური ადგილი ვაზიანის ყოფილი აეროდრომია.
„გვაქვს მიზანი, რეგიონში გავხდეთ საავიაციო ჰაბი. ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი. ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი, ვიმსჯელეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ გვინდა 20-30-50 წლიანი და თუნდაც 100 წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ადგილი თბილისში არის, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ქვეყანაში მგზავრთა ნაკადის თითქმის 25%-იანი მატება გვაქვს, ყოველ წელს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. საქართველოს აეროპორტებიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 31 ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყებთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ როგორც მსოფლიოში წამყვან საავიაციო- საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტების თანახმად, ვაზიანის ტერიტორიაზე დაახლოებით 900 ჰექტარი ფართობია და საბოლოოდ თუ ამ ტერიტორიაზე გადაწყდება ახალი აეროპორტის აშენება, დაახლოებით 350 ჰექტარი იქნება საჭირო.