თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან გადადგა. ყოფილი რექტორი მუშაობას დიპლომატიურ კორპუსში გააგრძელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად“,- წერს გიორგი შარვაშიძე.
გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რექტორის თანამდებობაზე პირველად 2016 წელს აირჩიეს, მეორედ კი 2020 წლის აგვისტოში. უფლებამოსილების ვადა მას 2024 წელს ეწურებოდა. რექტორის თანამდებობიდან მისი გადადგომა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რის გამოც 2022 წლის აპრილში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. სტუდენტები ასევე ითხოვდნენ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი და აშენდეს საერთო საცხოვრებელი. 10 ივნისს საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ.
გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომის პლაგიატში ადანაშაულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი. შარვაშიძეს დისერტაცია სულხან-საბას უნივერსიტეტში 2003 წელს აქვს დაცული. ამ უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი დაადასტურა: „გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34 %-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.
რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი და კიდევ ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 165 000 ლარი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი“ შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.