ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა მოქალაქე ირაკლი მილაძემ, რომელიც თბილისში 2000 ლარით დააჯარიმეს „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოსათვის. მილაძე დედაქალაქში შექმნილი მძიმე საცობების გამო, ვიდეოში უხეშად მოიხსენიებდა ქალაქის მერსა და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში სამსახურებრივი მანქანებით, მათ შორის, არასამსახურებრივი მიზნებისთვის გადაადგილდებიან, მაშინ როდესაც სხვა ადამიანები საცობში დგანან. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სოციალური ქსელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და იქ გინება საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს არღვევს. ირაკლი მილაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის - გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე დავობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ვიდეოს ატვირთვიდან მალევე მომჩივანმა საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ სახლთან უთვალთვალებდნენ, 2 დღის შემდეგ კი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავის სიტყვიერ შეურაცხყოფას. მილაძე 2 დღის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. მან თქვა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სცემეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიდეოს გამო ირაკლი მილაძე სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. პოლიციელი პროცესზე აცხადებდა, რომ დაკავების დროს მილაძემ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
„ეს არ არის ერთადერთი საქმე, როდესაც საქართველოში, ონლაინსივრცეში გამოხატვა შეიზღუდა. ასეთი გადაწყვეტილებები რამდენიმე სხვა საქმეზეც დადგა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ტენდენციის სახე აქვს.
ინტერნეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მსგავსი ფორმით გამოთქმული აზრის შეზღუდვა წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რომელსაც შესაძლებელია მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს საზოგადოების სხვა წევრებზეც.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ამ ტიპის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს. გასაჩივრებულ საქმეში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება იზღუდებოდეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ექცეოდეს ონლაინსივრცეში გამოთქმული, განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებები. ამ ტიპის შეზღუდვა წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას. მრავალი წელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლას ვითხოვთ და ეს მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება. ამ კოდექსის გამოყენებით, სამწუხაროდ, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება იზღუდება“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
ამ თემაზე: Tik-Tok-სა და Facebook-ში კალაძის და პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სასამართლომ მოქალაქეები დააჯარიმა