წალკაში სავარაუდოდ შუა საუკუნეებში აგებული კუშჩის ხიდი მდინარემ დაანგრია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუშჩთან მდებარე, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში (V-XV სს.) აგებული ხიდი ადიდებულმა მდინარე ქციამ დაანგრია. კონსტრუქციისგან მხოლოდ ბურჯებია დარჩენილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი, რომელმაც შემთხვევის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, ამბობს, რომ ხიდი საფუძვლიანად არის დანგრეული და სასწრაფოდ შველა სჭირდება.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ძეგლის გადარჩენისთვის საჭირო ყველა ზომა. ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა ოფიციალურად ძეგლის სტატუსი (ადრე ჰქონდა), ის ნამდვილად წარმოადგენს ძეგლს. ხიდი აგებული ჩანს შუა საუკუნეებში და ეტყობა რომ მისი აღდგენა-განახლება სხვადასხვა დროს მომხდარა. უკანასკნელი რეკონსტრუქცია კი XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაუტარებიათ. ხიდი აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს XIX საუკუნის ბოლოს“, - აღნიშნავს არქეოლოგი.

წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ „საქართველოს ამბებს“ განუცხადა, რომ ხიდის დანგრევის შესახებ ინფორმაცია კულტურის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს მიაწოდეს. სოფელში სპეციალისტების ვიზიტი დღეს არის დაგეგმილი. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, კუშჩთან დაკავშირება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი, თუმცა მდინარის გაღმა დარჩა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და იქ ხიდის გარეშე მისასვლელად დაახლოებით 15 კილომეტრის გავლა მოუწევთ.

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლების შეფასების შემდეგ უნდა გადაწყდეს, როგორ მოხდება ხიდის აღდგენა“, - ამბობს ილია საბაძე.

კუშჩის ხიდი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სიაში არ გვხვდება, თუმცა მისთვის სტატუსის მინიჭებას 2007 წელს ითხოვდნენ. სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ოთხმალიანი ხიდი დაუმუშავებელი ქვით არის ნაგები. ნახევარწრიული და თანაბარი ზომის მალები დამუშავებული ქვითაა გადაყვანილი. ისინი სამ მასიურ ბურჯს ეყრდნობიან, რომლებზეც მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიშენებულია კონუსური ფორმის კონტრფორსები. მალების თავზე გადის თაროსებური კარნიზი, რომელიც დასრულებულია დამუშავებული ქვისაგან გაკეთებული ბორდიურით. სააღრიცხვო ბარათზე თანდართული ფოტომასალის მიხედვით, ხიდზე სომხური წარწერები იყო გაკეთებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).