„ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩვნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს“, - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ მოქალაქეთა ხმების დასაცავად იბრძვის და არ აპირებს, მათი არჩევანი „ვინმეს გაატანოს“.
„ვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ის ფანჯარაა, რომელიც ახლაა ღია ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ვაფასებთ მათ ჯაფას, რომელიც მათ გასწიეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის. არ ვაპირებთ ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი“, - თქვა ანა დოლიძემ.
ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები შეურაცხმყოფელია და რთულია მას სამართლიანი არჩევნების შედეგად მიღებული ეწოდოს.
„ჩვენ ვუყურებდით ძალადობას, ცემა-ტყეპას, ზეწოლას, დაშინებას, მოსყიდვას, ბიულეტენების ჩაყრას, რომელიც გვეგონა სართოდ ამოღებული იქნებოდა პრაქტიკიდან. შესაბამისად, ძალიან რთულია ამ არჩევნებს უწოდო სამართლიანი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, მთელი ღამის განმავლობაში ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თოთოეული ხმა ყველა სამართლებრივი გზით და დავადასტუროთ, რომ ეს შედეგები აცდენილია ქართველი ხალხის რეალურ ნებას. ეს არის ჩვენი პოზიცია. მძიმე ღამე, მძიმე ბრძოლა გველის“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამომრჩევლისგან მიღებული მხარდაჭერა მათ ავალდებულებს თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა გააგრძელონ. „ჩვენ ამას ვახორციელებთ ამ კონკრეტულ მომენტში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარმოადგინა, არ აღიარებენ ბარიერგადალახული სხვა ოპოზიციური პარტიებიც - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია - საქართველოსთვის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
გიორგი კალანდარიშვილმა 3111 საარჩევნო უბნიდან 2206-ის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 53% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ – (11.2%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – (9.83%), „ძლიერმა საქართველომ“ – (9.02%) „გახარია საქართველოსთვის“ – (8.22%).
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულს ოცნებას“ 40.9%-მა დაუჭირა მხარი, ოპოზიციას, ჯამურად, 51.9%-მა. პრაქტიკულად იგივე შედეგები აჩვენა „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლმაც, სადაც „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს.