ცესკოს თავმჯდომარე კრიტიკულ მედიას „თანამშრომლობის გადახედვის“ შესახებ აფრთხილებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პირველი“ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მედიასაშუალებების მხრიდან კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ცესკო მათთან თანამშრომლობას გადახედავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს. ამჯერად საუბარია „ტვ პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე. სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა.

იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის - ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენს ობიექტურ კითხვებს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თავისი თანამშრომლების კანონიერ ინტერესებს და არ დაუშვებს მათზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით.

„ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი. [...] მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამომძიებელ ჟურნალისტებზე ზეწოლას ცდილობს, რათა მათ არ გააგრძელონ გამოძიება, რომელიც ცესკოს მაღალი თანამდებობის პირების კავშირებს ეხება. მელაძემ „ტყუილი“ უწოდა კალანდარიშვილის ბრალდებას, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური მონაცმების უკანონო დამუშავებაზე.

„თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება?! ცესკოს თავმჯდომარე დაგვემუქრა. ის ამბობს, რომ თუ ჟურნალისტები ჩვენი თანამშრომლებისთვის არაფორმალურ გარემოში კრიტიკული შეკითხვების დასმას გააგრძელებენ, ცესკო ამ მედიასთან ურთიერთობას გადახედავსო. განმარტოს, არის თუ არა ეს მუქარა, რომ ჩვენ შეიძლება აკრედიტაციები გაგვიჩერონ“, - განაცხადა მელაძემ.

ჟურნალისტის საპასუხოდ ცესკოს თავმჯდომარემ Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა „ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური გზები“ გამოიყენეს, რაც „ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს“. ამასთან, კალანდარიშვილმა განმარტა, რომ თანამშრომლობის გადახედვა „არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. „ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს კანონმდებლობის შესაბამისად ექნებათ საშუალება გააშუქონ საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).