საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია „რევოლუციურ სცენარად“ აფასებს ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„4 მცდელობა იყო საქართველოში, პირველი იყო 2020 წლის ივნისში, მეორე იყო 2023 წლის გაზაფხულზე, მესამე იყო 2024 წლის გაზაფხულზე და მეოთხე დაიწყო 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან და გადმოვიდა 2025 იანვარში ვართ და არის ახლაც. რასაკვირველია, ეს რევოლუციური სცენარია და მეთოდიკაც არის რევოლუციური. მაგალითად, თუ შევადარებთ რა მოხდა ყირგიზეთში. ორივეჯერ ყირგიზეთში სახეზე გვაქვს ქვები, მოლოტოვის კოქტეილები, რკინის ჯოხები. ყველაფერი ამით ოპერირებდა ხალხის მასა და ისინი ამნაირად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. რევოლუცია სადაც იქნება, ცხადია, იქ ყველაფერი წავა ამ კალაპოტში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს და მომიტინგეები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციელებს. ბუნებრივია, რევოლუცია სადაც არის, ყველგან წავა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გამსახურდიამ „ჯორჯიან თაიმსთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, აქციებზე არიან ისინი, ვინც „ზოგადად გარკვეულ ცვლილებებს უჭერენ მხარს და თუ ეს ცვლილებები ევოლუციურადაც მოხდება“, თანახმანი არიან და ისინიც, ვინც „მოითხოვენ, რომ ეს მოხდეს რევოლუციით“.
„მე ასე არ ვთვლი [რომ რუსეთისკენ მივდივართ], მაგრამ თუ ფრთხილად არ მოვიქცევით, ჩვენ ჩელიაბინსკში არ გავიღვიძებთ, ჩვენ გავიღვიძებთ ღაზაში, გავიღვიძებთ დეირ-ელ-ზორში, გავიღვიძებთ ნანგრევებად ქცეულ ალეპოში. აი, ეს იქნება შედეგი, თუ არ მოვიქცევით გონივრულად და ზუსტად არ გავთვლით ყველა იმ საფრთხეს და გამოწვევას, რომელიც შესაძლოა ჩვენს წინაშე აღიმართოს“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
იმავე ინტერვიუში ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე ისაუბრა და თქვა, რომ დარწმუნებულია, პოროშენკის ხელისუფლება მას თავიდან აიცილებდა.
„არ არსებობს არანაირი საშუალება, რომ ის [რუსეთი] შეაჩერონ, იმიტომ, რომ [უკრაინელებს] არ აძლევენ იარაღს, რაც მათ სჭირდებათ, აძლევენ მესამედს. [...] წარმოიდგინეთ, იგივე პოლიტიკა რუსეთმა რომ აწარმოოს სამხრეთში, რას დაუპირისპირებს ამას დასავლეთი? არაფერს. ისევ იარაღის რაღაც ნაწილს მისცემს იმ სამხრეთის ქვეყანას, რომელსაც ის თავს დაესხმება, ჰიპოთეტურად ვთქვათ, და ფულად დახმარებას გაუწევს. არავინ იფიქრებს იმაზე, რომ აქ რაიმე ანგარიშგასაწევ სამხედრო დახმარებას ექნება ადგილი. ასეთი ილუზია არავის აქვს.
ამიტომ ნუ გაუკვირდება ნურავის, რომ ჩვენს მოსახლეობას ამ არჩევნებში არ ჰქონდა განცდა, რომ ამ სიტუაციაში, შეცვლილ პირობებში, როდესაც არის ასეთი მდგომარეობა მსოფლიოში, ვინმე სერიოზულ დახმარებას აღმოგვიჩენს და რომ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც პრაქტიკულად ვერაფერი გადაგვარჩენს“, - განაცხადა გამსახურდიამ და ხელისუფლების „დიდი წარმატება“ უწოდა იმას, რომ საქართველოში ომი არ მოხდა.
„ქართული ოცნების“ მთელი წინასაარჩევნო კამპანია ომის თემას და „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ კონსპირაციის თეორიას ეფუძნებოდა. მმართველი პარტია ცდილობდა თავი წარმოეჩინა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლია, ხოლო ოპონენტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა.