თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ორშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22 ათასს მიუახლოვდა. თურქული მხარის ინფორმაციით, პარასკევს, დილის მდგომარეობით, ნაპოვნი იყო 18 342 ადამიანის ცხედარი, ხოლო სირიის უახლესი მონაცემებით - დაღუპულთა რიცხვი 3377-ს შეადგენს. სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა ნანგრევების ქვეშ ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის შანსები სულ უფრო იკლებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მიწისძვრების შედეგად თურქეთის 11 პროვინციაში 74 242 მოქალაქე დაშავდა, ხოლო სირიაში - 5158. თურქეთის მხარეს, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
თურქეთის ქალაქ ადიამანში მაშველები შვიდსართულიანი სასტუმროს ნანგრევების ქვეშ ბავშვთა ფრენბურთის ორ გუნდს კვლავ ეძებენ. 11-დან 14 წლამდე ასაკის 24 გოგონა და ბიჭი სასტუმროში ათ მშობელთან, ოთხ მასწავლებელთან და ინსტრუქტორთან ერთად ცხოვრობდა. პირველი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი მასწავლებელი და სამი მშობელი გამოიყვანეს. მესამე დღეს ორი მასწავლებლის ცხედარი იპოვეს. 33 ადამიანს ისევ ეძებენ.
ქაჰრამანმარაშში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 101 საათის შემდეგ მაშველებმა ორი ბავშვი გადაარჩინეს.
თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, დღეს, ერთ-ერთ ქალაქში საქართველოს მეოთხე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
სტიქიის ზონაში 121 128 თურქი და უცხოელი მაშველი მუშაობს. მათ შორისაა 100 ქართველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.
თურქეთში პირველი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, 6 თებერვალს, გამთენიისას, 4:17 საათზე მოხდა. 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იმავე დღეს 13:24 საათზე განმეორდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ კიდევ 1509 მიწისძვრა, ე.წ. აფთერშოკი მოხდა.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრას „საუკუნის კატასტროფა“ უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველა საშუალების მობილიზებას მოახდენს დაზარალებულთა დასახმარებლად.
მსოფლიო ბანკი თურქეთს 1.78 მილიარდ დოლარს გამოუყოფს მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) კი თურქეთსა და სირიას 85 მილიონი დოლარის გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.
სირიის მთავრობამ, რომელიც დასავლეთის მიერ არის სანქცირებული, დახმარებისთვის გაეროს მიმართა და განაცხადა, რომ ყველანაირი დახმარება მიწოდებული იყოს სირიის მხრიდან და არა თურქეთის საზღვრიდან. ბაშარ ასადის მთავრობა მიიჩნევს, რომ თურქეთის მხრიდან, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა.