უკრაინამ 215 სამხედრო ტყვე დაიბრუნა, რუსეთს გადასცეს ვიქტორ მედვედჩუკი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„აზოვის“ პოლკის გათავისუფლებული მეომრები

უკრაინამ რუსეთს გადასცა ვიქტორ მედვედჩუკი და 55 სამხედრო ტყვე, სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი. რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორის არიან „აზოვის“ პოლკის მეთაურები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლაა. 215 გათავისუფლებულს შორის 108 „აზოვის“ პოლკის მებრძოლია. უკრაინამ ასევე დაიბრუნა სასაზღვრო სამსახურის, სახმელეთო ჯარების, პოლიციის, საზღვაო ძალების, უშიშროების სამსახურის, ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურის და სახელმწიფო საბაჟო სამსახურის თანამშრომლები. გაცვლილთა შორის სულ 124 ოფიცერია. გათავისუფლებულია უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე, მათ შორის, ბრიტანელები შონ პინერი და ეიდენ ესლინი და მაროკოელი საადუნ ბრაჰიმი. მათ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „უზენაესი სასამართლოს“ მიერ სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი.

„ჩვენი 200 გმირი გავცვალეთ მედვედჩუკზე, რომელმაც გამოძიებას ყველა შესაძლო ჩვენება  უკვე მისცა, ხოლო „აზოვსტალის“  ხუთი გმირი მეთაური - 55 რუს ტყვეზე, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოები არ არიან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა. 

ტყვეთა გაცვლა ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის, თურქეთის შუამავლობით მოხდა. შეთანხმების მიხედვით, „აზოვის“ პოლკის ხუთი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება და ისინი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი პროტექტორატის ქვეშ იქნებიან.

„სულ 215 გმირი. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხალხი და თითოეული უკრაინელის გადარჩენას ვცდილობთ. ამაშია ჩვენი არსი. ეს არის ის, რაც მტრისგან განგვასხვავებს. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ სიცოცხლეს და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გადავარჩინოთ ყველა, ვინც რუსეთის ტყვეობაშია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთმა ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი ალყაში პირველ მარტს მოაქცია. „აზოვსტალი“ ერთადერთი ადგილი იყო, რომლზეც კონტროლის დამყარებას რუსეთის შეიარაღებული ძალები თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა. მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიას „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გარდა, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, პოლიციელები და მოხალისეები იცავდნენ. მათ „აზოვსტალის“ დატოვება მაისიდან დაიწყეს, რის შემდეგაც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

რაც შეეხება ვიქტორ მედვედჩუკს, ის პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ლიდერი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილის ნათლიაა. 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროს, მედვედჩუკი  შინაპატიმრობაში იყო. უკრაინის ხელისუფლება მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს. ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უწყების ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურების დახმარებით ის კიევის ოლქიდან გაქცევას ცდილობდა. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის განცხადებით, მედვედჩუკის რუსეთისთვის გადაცემა ხელს არ შეუშლის სასამართლოში მისი საქმის განხილვას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.