უკრაინამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში [NATO] დაჩქარებული წესით გასაწევრიანებლად განაცხადი გააკეთა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა როგორც ბრძოლის ველზე, ისე ურთიერთთანამშრომლობის ყველა ასპექტში.
„ჩვენ დე ფაქტო მოკავშირეები ვართ. დღეს უკრაინა წარადგენს განაცხადს, რომ ეს დე იურე გაკეთდეს, დაჩქარებული წესით. ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაიწყეს ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანება წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე. ეს სამართლიანია. სამართლიანია უკრაინისთვისაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადს ხელი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ერთად მოაწერა.
NATO-ში გასაწევრიანებლად ალიანსის ყველა წევრის, ოცდაათივე სახელმწიფოს კონსენსუსია საჭირო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ესმის, რომ ასეთი კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია და ის მიღწეული იქნება. უკრაინის შეთავაზებაა, განხორციელდეს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ინიციატივა, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა.
„მხოლოდ ჩვენი ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნა დააბრუნებს მშვიდობას. ჩვენ ამ გზით წავალთ“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან - აშკარაა, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს [მოლაპარაკება] შეუძლებელია. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება“.
2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ქვეყნებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიუღიათ.
2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს, უკრაინა ნატოში გაწევრიანებას აღარ ითხოვდა.
2014 წელს, მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი უკრაინიდან გაიქცა, რუსეთი კი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია მოახდინა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებმა კი უკრაინიდან გამოყოფის და ე.წ. სახალხო რესპუბლიკების შექმნის შესახებ განაცხადეს, უკრაინის ახალმა მთავრობამ ნატოში გაწევრიანება პრიორიტეტად აქცია.
2019 წლის 21 თებერვალს უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება უკრაინის სტრატეგიული კურსად განისაზღვრა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრა და ხერსონისა და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპაცია მოახდინა. ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს ასახელდებდა. აგვისტოს ბოლოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ NATO-ში შესვლაზე უარის თქმა აღარ წარმოადგენდა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის საკმარის პირობას.