უკრაინაში საპროტესტო აქციები მოჰყვა ანტიკორუფციულ ორგანოების შესახებ კანონის მიღებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა კარგავენ დამოუკიდებლობას და ფაქტობრივად გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში გადადიან. კანონის მიღების წინააღმდეგ, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ევროპა ავირჩიეთ და არა ავტოკრატია“, „მამაჩემი ამისთვის არ მომკვდარა“ - ამ შინაარსის პლაკატებით, ანტისამთავრობო აქციებზე ასობით ადამიანი ლვოვში, დნიპროსა და ოდესაშიც გამოვიდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელები ზელენსკის მოუწოდებდნენ, კანონისთვის ხელი არ მოეწერა.

„ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, მაგრამ რუსული გავლენის გარეშე - ამისგან ყველაფერი უნდა გაიწმინდოს და მეტი სამართლიანობა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, საქმეები, რომლებიც წლებია დევს, გამოძიბული უნდა იყოს.

„უკრაინიდან გაქცეული ჩინოვნიკები წლების განმავლობაში რატომღაც მშვიდად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ - ძალიან სასიამოვნო ქვეყნებში და სამართლებრივი შედეგების გარეშე. ეს ნორმალური არ არის. არ არსებობს რაციონალური ახსნა, რატომ არის მილიარდობით ღირებულების სისხლის სამართლის საქმეები წლების განმავლობაში „ჩამოკიდებული“ და რატომ შეუძლიათ რუსებს კვლავ მიიღონ საჭირო ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს რუსების გარეშე მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი გარდაუვალი იყოს და საზოგადოებამ ეს ნამდვილად დაინახოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კანონპროექტს უკრაინის პარლამენტის 263-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მათ შორის 185 საპრეზიდენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ წევრია. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ დეპუტატები, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, შეეცდებიან ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორს, მათ შორის, შეეძლება ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსთვის აღსასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების მიცემა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების სხვა წინასწარი გამოძიების ორგანოებისთვის გადაცემა.

დმიტრო კულებამ, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა გასულ წელს დატოვა, განაცხადა, რომ ეს „ცუდი დღე იყო უკრაინისთვის“ და რომ პრეზიდენტს არჩევანი ჰქონდა - ან ხალხის მხარეს დამდგარიყო, ან არა.

საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვეს ევროკავშირშიც.

„ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ძირითადი დამცავი მექანიზმების დემონტაჟი სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიუროს დამოუკიდებლობა და ანტიკორუფციული პროკურატურა „აუცილებელია ევროკავშირისკენ უკრაინის გზისთვის“. მისივე თქმით, კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრალურ საკითხად რჩება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.