პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეთანხმება ევროკომისიის შუალედურ შეფასებას, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან 3 აქვს შესრულებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„12-დან უკვე სამია შესრულებული და რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, აქაც ევროკომისიამ აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. როგორც იცით, შუალედურ ანგარიშში, რომელიც პირველი ასეთი სახის ანგარიში იყო და პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საერთოდ გაგვეგო ევროკომისიას ამა თუ იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით როგორი განმარტება და მიდგომა აქვს, გამოჩნდა, რომ ჩვენ უკვე ამ ეტაპზე, 3 რეკომენდაცია შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე და ჩავთვალოთ როგორც შესრულებული. დანარჩენებს რაც შეეხება, საკანონმდებლო მხრივ ბევრი დარჩენილი არაფერია. არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის, არ იყო გათვალისწინებული შუალედურ ანგარიშში, ეს ცვლილებები ანალიზისთვის ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. მეორე ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი. როგორც ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვაქვს ბრიუსელთან, რას ფიქრობენ ისინი, რა მოლოდინები აქვთ, აქ ჩვენ დიდი რაიმე ხარვეზები ვერ მოვისმინეთ როდესაც ჩავეკითხეთ, რა მოლოდინები გაქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულება-არ შესრულებაზე საბოლოო შეფასება ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს ეკუთვნის:
„დიახ, უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ 3 რეკომენდაცია შეასრულა. უკრაინამ მხოლოდ 2 შეასრულა და მოლდოვამ - 3. ამიტომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა იმისთვის, რომ კანონმდებლობის მხრივ საკითხები საბოლოოდ შესრულდეს“.
22 ივნისს ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ ზეპირი მოხსენება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 12 რეკომენდაციიდან შესრულებული ჰქონდა მხოლოდ სამი რეკომენდაცია, გარკვეული პროგრესი იყო 7 რეკომენდაციის მიმართულებით, ერთზე, დეოლიგარქიზაციაზე კი - შეზღუდული პროგრესი. მედია ერთადერთი სფერო იყო, სადაც, 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ჰქონდა.
ერთი წლის წინ, 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, ევროკომისიამ სამივე ქვეყანას, გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე, შესასრულებლად რეკომენდაციები მისცა. ევროკავშირი მზად არის, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას/პრიორიტეტს შეასრულებს. რეკომენდაციებს შორისაა დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება.
ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ საბოლოო შეფასებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. სრულუფლებიან წევრობაზე ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იწყება.