საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ერთი წლის წინ მიღებული 12 რეკომენდაციის შესრულება ევროკომისიამ შეაფასა. დღეისთვის, მედია ერთადერთი სფეროა, სადაც ქვეყანას არანაირი პროგრესი არ აქვს. სრულად შესრულებულად ჩაითვალა მხოლოდ 3 რეკომენდაცია. გარკვეული პროგრესია 7 რეკომენდაციის მიმართულებით, ხოლო ერთზე - დეოლიგარქიზაციაზე საქართველომ შეზღუდული პროგრესი აჩვენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
ზეპირი მოხსენება დღეს ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში წარადგინა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, 12 რეკომენდაციიდან შესრულებულია შემდეგი სამი: გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, სასამართლო განხილვებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ და გამჭვირვალე პროცესის შედეგად სახალხო დამცველის დანიშვნის შესახებ.
საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია შემდეგ სფეროებში:
პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება - ევროკომისარმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრთა უმეტესობამ დაასრულა ბოიკოტი და რამდენიმე კანონი მრავალპარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული. ოლივერ ვარჰეის თქმით, ამ პრიორიტეტის/რეკომენდაციის სრულად შესასრულებლად საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, შეწყვიტოს მკაცრი რიტორიკის გამოყენება და პატივი სცეს წარსულ პოლიტიკურ შეთანხმებებს, განსაკუთრებით ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებას.
სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილი მუშაობის უზრუნველყოფა და საარჩევნო კანონმდებლობის ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება - მთავრობამ მიიღო საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა ვენეციის კომისიის და „ოდირის“ (ODIHR) რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობა, რათა ადეკვატურად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებები, როგორც ეს ხაზგასმულია ODIHR-ის ანგარიშებში. გარდა ამისა, ევროკომისიის მოწოდებაა, რომ საქართველომ უარი თქვას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურას ცვლის.
მართლმსაჯულების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინკლუზიური რეფორმა - საქართველომ სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, ასევე, უნდა განახორციელოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოში და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები.
ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება - შეიქმნა ახალი ანტიკორუფციული ბიურო. ამ რეკომენდაციის სრულად შესასრულებლად საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის კონსულტაციების მიღება. ევროკომისია საქართველოს მიმართავს, გადახედოს გადაწყვეტილებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლის შესახებ.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - საქართველომ გააძლიერა თანამშრომლობა „ევროპოლთან“ და წევრ ქვეყნებთან. ახლა მან უნდა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.
მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა - საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ინკლუზიურად მომზადება და შეკრების თავისუფლება და ლგბტქი თემის წევრების დაცვა.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე - საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჰქონდეს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები.
დეოლიგარქიზაციის მხრივ საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია. ევროკომისარმა ვარჰეიმ აღნიშნა ვენეციის კომისიის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი არსებული სახით არ უნდა მიიღოს.
„ამასთან დაკავშირებით მივესალმები მმართველი პარტიის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ახლა საქართველო უნდა ფოკუსირდეს და მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც განსაზღვრავს სისტემურ მიდგომას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების განმტკიცებით“, - განაცხადა ევროკომისარმა.
საქართველოს არანაირი წინსვლა არ აქვს იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიის პლურალიზმსა და მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლებრივ პროცედურებს ეხება. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად, საქართველოს მოუწოდებენ შეიტანოს ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, ევროპის საბჭოს სამართლებრივი მოსაზრების შესაბამისად, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და აამაღლოს ჟურნალისტებისა და მედიის მფლობელების თავისუფლების დაცვის დონე.
შეკითხვაზე, რა იქნებოდა მისი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვარჰეიმ თქვა:
„გაფართოება დღის წესრიგი სამ უმთავრეს საკითხს შორისაა. ასე რომ, თუ ვინმეს სურს ევროკავშირში მოხვედრა, ეს სწორედ ის მომენტია, გამოიყენეთ იგი, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. მე გამიმართლა, რომ ვნახე თქვენი პრემიერ-მინისტრი გასულ კვირას ბრიუსელში და ეს იყო გზავნილი. თქვენ იცით, რა არის მოთხოვნილი. ასე რომ, უბრალოდ გააკეთეთ ეს, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომლითაც ყველამ უნდა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ კრიტერიუმები ყველამ უნდა დააკმაყოფილოს. ჩემი რეკომენდაცია მთავრობის მიმართ იქნება, რომ დააჩქაროს მუშაობა ყველა სფეროში, რათა ოქტომბერში ჩვენ სრულად შევსებული ანგარიში გვქონდეს“.