ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიისთვის (ვენეციის კომისია) მიიჩნევს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელიც კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეფასებისთვის აპრილში გადაუგზავნა, არც დემოკრატიული და არც ეფექტური პასუხია ოლიგარქიზაციის პრობლემაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ წარდგენილი შესწორებული ვარიანტი ეხმიანება კომისიის 2023 წლის მარტის შუალედური დასკვნის რეკომენდაციების დიდ ნაწილს, რომლებიც „პერსონალური მიდგომის“ საკითხს ეხებოდა, თუმცა, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის გაუმჯობესებაში გადადგმულმა ნაბიჯებმა ვერ აღმოფხვრა კანონის მთავარი ხარვეზი, რადგან ის აღმასრულებელ ხელისუფლებას კვლავ აძლევს საშუალებას, დაიწყოს და განახორციელოს პროცედურა, რომელიც ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყოველგვარი დანაშაულის ნიშნების არარსებობის პირობებში, პოტენციური პოლიტიკური ოპონენტების „შავ სიაში“ შეყვანის რისკებს შექმნის.

ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონის დებულებების შესაძლო თვითნებურმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს და ნაკლები გააკეთოს „ოლიგარქიული“ გავლენის დასაძლევად.

„პერსონალიზებული დეოლიგარქიზაციის კანონი, როგორადაც ეს ფასდება, აჩენს რისკებს, ხელისუფლებაში მყოფთა ხელში ის სახიფათო იარაღად იქცეს პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად...

ვინაიდან ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები შეძლებს გამოასწოროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი დაპირისპირება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა „სისტემური“ მიდგომის გატარება. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვენეციის კომისია რეკომენდაციაა, არ იქნეს მიღებული შესწორებული კანონპროექტი“, - წერს დასკვნაში ვენეციის კომისია.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენებთან საბრძოლველად შემდეგი გააკეთოს:

  • განახორციელოს არსებული სისტემური ღონისძიებების (მათი ნაკლოვანებები სტრუქტურის, უფლებამოსილების და კოორდინაციის თვალსაზრისით) სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზი.
  • შეიმუშავოს მაკორექტირებელი, დამატებითი ან შემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რაც, მათ შორის, მოიცავს ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას; მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და კორუფციის პრევენციას; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას; მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერებას; ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის გაძლიერებას; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების წესების გაძლიერებას; ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში.
  • გააძლიეროს ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.
  • შეაფასოს, როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ინსტიტუტებს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიურ კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთესად იმუშაონ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე „ოლიგარქების“ გავლენის თავიდან ასაცილებლად და ამ გავლენის აღმოსაფხვრელად.
  • რეგულარულად განახორციელოს ასეთი ღონისძიებების მოქმედების შეფასება;
  • დანერგოს ოლიგარქიული გავლენის პრევენციისა და მასთან ბრძოლის სისტემა ოლიგარქიზაციაზე ფოკუსირებული სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის მეშვეობით, პრობლემის ურთიერთდაკავშირებული ბუნების აღიარებით, რაც საშუალებას მისცემს აშენდეს ხიდები კანონის სხვადასხვა სფეროსა და მათ განმახორციელებელ ინსტიტუტებს შორის.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმა, რომლის მიზანი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის, პატიოსნებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება მათი რეკომენდაციების შესაბამისად.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული იმ 12 წინაპირობიდან, რომელთა შესრულების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. „ქართულმა ოცნებამ“ 12-პუნქტიანი გეგმის ამ ნაწილის შესრულება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებით გადაწყვიტა. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ოლიგარქის სტატუსი არცერთ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს და თუკი კანონს მიიღებენ, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდება არა ივანიშვილი, არამედ, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.