„ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს - უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ კანონს, რომელიც სუფთა ამერიკული კანონმდებლობის ანალოგია. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ კანონს. ამისთვის ერთი-ორი დღე დაგვჭირდება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დეპუტატის თქმით, თავიდან, როდესაც „ხალხის ძალის“ წევრებმა მსგავსი შინაარსის კანონპროექტის ინიცირება გადაწყვიტეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შესთავაზეს, რომ პარლამენტისთვის განსახილველად ამერიკული კანონის პირდაპირი ანალოგი წარედგინათ, თუმცა კობახიძისა და მდინარაძის წინადადება იყო, უფრო ლიბერალური კანონი განეხილათ.
„ჩვენ მივიღეთ მათი შემოთავაზება და ავიღეთ უფრო ლიბერალური კანონპროექტი, რომელიც ამერიკულ ვარიანტს ეფუძნებოდა და პარლამენტში წარვადგინეთ, გავაკეთეთ მისი ინიცირება. ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა, მაგრამ, სამაგიეროდ დაიწყო აქტიური, ისტერიული სპეკულაცია, თითქოს ის არის რუსული კანონის ანალოგი, რასთანაც არავითარ საერთო არ აქვს. არავითარი აკრძალვის მექანიზმები ჩვენს მიერ ინიცირებულ ლობერალურ ქართულ ვარიანტში არ იკითხება და ის შიშები, ის სპეკულაციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. რადგან ასე წარიმართა პროცესი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წმინდა ამერიკული ვარიანტი, ერთი ერთში ნათარგმნი, ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ.
გარდა იმისა, რომ უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ დაუჭერს ამ კანონპროექტს მხარს, იმედი მაქვს და ვარ დარწმუნებული, რომ არ დარჩებათ სპეკულაციის საფუძველი ჩვენს ოპონენტებსაც, ოპოზიციას და ისინიც მხარს დაუჭერენ ამას. ანუ, ახლა გვაქვს არჩევანის ორი ვარიანტი: პირველი, რომელიც უკვე წარდგენილია, ქართული ვარიანტი და მეორე, სუფთა ამერიკული. მინდა, პარლამენტს ვუსურვო წარმატებული განხილვა და ამერიკული ვარიანტის მხარდაჭერა, რომელიც, ვფიქრობ უფრო საქმიანი იქნება და ის უფრო მეტად დააზღვევს ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ხუნდაძემ.
20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა, იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტს იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა არ ჰქონდა. აქამდე არსებული პრაქტიკით, ამ დასკვნის გარეშე წარდგენილ კანონპროექტს ბიურო ავტორებს უკან უბრუნებდა.
გუშინვე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს.
20 თებერვალს, ონლაინგამოცემების და გამომძიებელმა ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობაში საპროტესტო აქცია გამართეს და დეპუტატებს მოუწოდეს, არც კი განიხილონ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი რუსული პროექტი.
დღეს, საქართველოში მოქმედმა 300-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კანონპროექტი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული.
- კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
- ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
- კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
- მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
- კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან ასეთი კანონი საქართველოს რუსეთთან დააახლოებს.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს 20 თებერვლის განცხადებით, „შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა“.