„ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა და სექსუალურად იძალადა“ - კახეთის პოლიციამ 5 პირი დააკავა
- 2 სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ
- 3 კობახიძემ დააკონკრეტა რომელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“
- 4 შოვის სტიქიაზე ახალი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
- 5 გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აგვისტოს ომზე „ქართული ოცნების“ განცხადება გაიმეორა
- 6 მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს
განცხადებაში, რომელიც დღეს Facebook-ში ექსპრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „პუტინის სიგიჟის შედეგად“, დღეს ზელენსკი მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერია.
„ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს“, - წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა, რომელიც ომის შემდეგ დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას, რომ უკრაინის სიტყვას მსოფლიოში ძალიან დიდი წონა ექნება.
„საქართველო, აფხაზეთის ჩათვლით, ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად.
მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესე იგი, ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში. ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად!“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა. ზელენსკიმ თქვა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რომელსაც არ უნდა, რომ რუსეთმა დაშალოს, ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს. როგორც მან აღნიშნა, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ორი ალტერნატივაა - ან ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.
„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ერებს, თუმცა სხვადასხვა გზით, ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპული ღირებულებებისადმი, ჯერ კიდევ არ სმენიათ მკაფიო დადებითი პასუხი ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ, სხვების იმედები სრულიად მოჩვენებითი ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ახლა უკრაინის მოქალაქეობა აქვს, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ერთ წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სამკურნალოდ საქართველოდან პოლონეთში გადაყვანაზე.