თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვანია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ცხადია, ცუდია, რომ მოხდა გადადება, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა.
„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია.
ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, - თქვა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და „ვერ იქნება ვინმეს ვასალი“:
„არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ გაურკვეველი ვადით გადადო. პენტაგონის განცხადებით, ეს „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“.
„ღირსეული პარტნიორი“ 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში იყო დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის „სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა“.
აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო და საპროტესტო აქციები დაარბია.